"ყველაფერი შესაძლებელია", - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, დათანხმდება თუ არა საქართველო რუსული ენერგოგიგანტის Gazprom-ის მოთხოვნას მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.
უკვე მეცხრე დღეა, საქართველო მაგისტრალური გაზსადენიდან გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს ყოველგვარი იურიდიული სტატუსის გარეშე იღებს, რადგანაც წინა კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა.
"არის საჭირო, რომ ყველა მხარეს ვესაუბროთ, ჩვენი ძირითადი ამოსავალი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ობიექტურად დადგენილი ფასი და, შესაბამისად, ამან ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას", - ამბობს გახარია.
კახა კალაძის თქმით, გაზპრომთან გამართული ორივე შეხვედრა უშედეგო იყო.
გაზპრომი გასულ წელს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობების შეცვლას სთავაზობდა. გარიგების შედეგად საქართველოში გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის უსასყიდლოდ მიღების ნაცვლად, რუსული მხარე მას გარკვეულ ფინანსურ რესურსს მიაწვდიდა, ამ თანხით კი საქართველო რუსულ გაზს იყიდდა.
მოლაპარაკებათა მსვლელობა 2016 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარის პრეზიდენტმა და კახა კალაძემ საქართველოსთვის აზერბაიჯანული გაზის მოწოდების გაზრდის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერეს.