ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა თავმჯდომარეობიდან მელიას გადაყენებას განიხილავს

ორშაბათს, 9 დეკემბერს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. ინფორმაცია, რომელიც დღეს დილით პარტიის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა გაარცელა, ჟურნალისტებთან ირმა ნადირაშვილმა დაადასტურა.

ნადირაშვილის თქმით, მელია პოზიციებს ხშირად იცვლის და მან ვერ გაუძლო კრიტიკულ ვითარებას, რის გამოც მისი გადაყენების საკითხის განხილვა გასაკვირი არ არის:

“ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას მერე, რაც მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა, ორ ფრთას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შესაბამისად, ალბათ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ შესაძლოა, დამიანების უმრავლესობა იმ ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ფრაქციას ასეთი ლიდერი არ სჭირდება. გასაკვირი ის არის, რომ ნიკა მელიას უნდა იყოს ფრაქციის თავმჯდომარე, სადაც ფრაქციის უმრავლესობა მასზე სწორედ ასე ფიქრობს. ხვალ არის ეს სხდომა დანიშნული, გადაწყვეტილებას მიიღებენ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე ამჟამად ნიკა მელიაა, ნაციონალური მოძრაობის 21 დეპუტატს აერთიანებს. ენმ-ს სიით გასულ კიდევ ექვს დეპუტატს უმცირესობაში შემავალი მეორე ფრაქცია, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ აქვს.

კომენტარები