კალათბურთი

ამერიკული მედია: ფაჩულიას All Star-ში თამაშის შანსი, ფანების ხმების მიუხედავად, მცირეა

AP

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი და Golden State Warriors-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, All Star-ის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგებით, მეორე ადგილზეა. მას აღმოსავლეთ კონფერენციის წინახაზელებში მხოლოდ კევინ დურანტი უსწრებს, მესამე ადგილზე კი კავაი ლეონარდია, რომელსაც ზაზა 100 000-ზე მეტი ხმით სჯობნის.

თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის. როგორც ამერიკული მედია (Fox Sports და Washington Post) წერს, ფაჩულიას All Star-ში მონაწილეობა მაინც რთულად წარმოსადგენია, რადგან All Star-ის მონაწილეების არჩევის წესი NBA-მ სწორედ ამ სეზონის დაწყების წინ შეცვალა.

წელს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის მოთამაშეებს გულშემატკივრების გარდა, თავად კალათბურთელები და მედიის წარმომადგენლებიც აირჩევენ. ახალი წესის თანახმად, ფანების მიერ მიცემული ხმები საბოლოო შედეგის 50 %-ს შეადგენს, 25 % Nba-ის მოქმედ მოთამაშეებს, მეორე 25 % კი მედიის წარმომადგენლებს ერგებათ.

უფრო ზუსტად, მას შემდეგ, რაც ფანების მიერ ხმის მიცემა დასრულდება, კალათბურთელები დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში პოზიციების მიხედვით (წინახაზელები და უკანახაზელები), სამ ჯგუფად - ფანების ხმების, მოთამაშეების ხმებისა და მედიის ხმების მიხედვით დალაგდებიან. მათი ქულა კი ამ სამი კომპონენტის საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება. საბოლოოდ კი All Star-ის ძირითადი შემადგენლობა გამოვლინდება (2 უკანახაზელი და 3 წინახაზელი).

მაგალითად, X მოთამაშე ფანების ხმებით (50 %) პირველ ადგილს მოიპოვებს, მოთამაშეების ხმებით (25 %) მეოთხეს, მედიის ხმებით (25 %) კი მეექვსეს, მისი ქულა ასე მიიღება:

1+1+4+6=12 

12 : 4 = 3

შესაბამისად, X-ის საბოლოო ქულა 3-ია. ის მოთამაშეები (2 უკანახაზელი და 3 წინახაზელი), რომლებიც საუკეთესო საბოლოო ქულას მიიღებენ (ანუ ყველაზე დაბალ რიცხვს), მოხვდებიან All Star-ის ძირითად შემადგენლობაში.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ფაჩულიამ ფანების მხრიდან რამდენი ხმაც არ უნდა მოიპოვოს, მოთამაშეებისა და მედიის ხმები ამ სიტუაციას მაინც დააბალანსებს.

მაგალითად, თუ ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში ფანების ხმებით პირველ ადგილზე გასვლას მოახერხებს, ხოლო მოთამაშეებისა და მედიის ხმებით მეოცე ადგილს დაიკავებს (რაც ამერიკული პრესის აზრით საკმაოდ რეალურია), მისი ქულა ასეთი იქნება:

1+1+20+20 = 42

42 : 4 = 13

შედარებისთვის, მისი მდევარი ენტონი დევისი, რომელიც დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში ფანების ხმებით, ამ ეტაპზე მეოთხე ადგილს იკავებს, მოთამაშეებისა და მედიის ხმებითაც თუ მეოთხე ადგილას გავა, მისი ქულა ასეთი იქნება:

4+4+4+4 = 16

16:4 = 4

დრეიმონდ გრინი, რომელიც მეხუთეა:

5+5+5+5 = 20

20:4 = 5

დემარკუს კაზინსი: 

6+6+6+6 = 24

24:4 = 6

შესაბამისად, ფაჩულიას All Star-ში სათამაშოდ მოთამაშეებისა და მედიის ხმებით დასავლეთ კონფერენციის ტოპ 10 წინახაზელში მოხვედრა სჭირდება, რაც ძნელად წარმოსადგენია, რადგან დევისი, გრინი, კაზინსი, თაუნსი, ოლდრიჯი, გრიფინი, მარკ გასოლი, დეანდრე ჯორდანი, ჰეიუორდი, გობერი და სხვა წინახაზელები მოთამაშეებსა და ამერიკულ მედიაში მასზე ბევრად პოპულარულები არიან. ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელები ზაზას სტატისტიკითაც სჯობნიან. შესაბამისად, მიუხედავად ფანების აქტიურობისა, ფაჩულიას All Star-ში მონაწილეობის შანსი საკმაოდ დაბალია.

კომენტარები