გიგი უგულავას საქმე

კახიძე: უგულავა არასოდეს გაქცევია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

ტაბულა

„გიგი უგულავას სასამართლოს არცერთ ეტაპზე არ გაუშვერია ხელი თანამშრომლებისკენ, არ გაქცევია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. აქ სამართლებრივად იყო შესაფასებელი ეს საკითხი,“ - ენმ-ის დეპუტატმა ოთარ კახიძემ ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოში გააკეთა.

მან უგულავას ბრალდებას არაადეკვატური უწოდა, პატიმრობას კი პოლიტიკური.

„ხელისუფლებას ჰყავს პირადი პატიმარი და საქმე აბსოლუტურად არასწორი კვალიფიკაციით, სერიოზული ზეწოლა საზღვარგარეთიდან და პერსპექტივაში წაგებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სერიოზული წნეხია ხელისუფლებისთვის. ვნახოთ, რას იზამს სასამართლო,“ - ამბობს კახიძე.

დეპუტატმა მიუთითა იმაზეც, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დღეს დასაქმებულია ათასობით პარტიული აქტივისტი ქართული ოცნების მიერ.

„ამიტომ აქ შერჩევითი სამართალი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ობიექტური დამკვირვებლისთვის ყველაფერი ნათელია,“ - ამბობს კახიძე.

სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდს ეხება, სხდომა დღეს გაიმართა. კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 18 სექტემბერს გაამტყუნა. მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, 2012 წლის ამნისტიის შედეგად, პატიმრობად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

კომენტარები