მედიის თავისუფლება

პრემიერი რ2-ზე: სახელმწიფო არ ერევა სასამართლო პროცესში, მიმდინარეობს ქონებრივი დავა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესსა და სარედაქციო პოლიტიკაში სახელმწიფო არ ერევა.

"მე არაერთხელ გამომითქვამს, რომ სახელმწიფო არ ერევა სასამართლო პროცესში, მიმდინარეობს ქონებრივი დავა, რომელსაც აქვს პოლიტიკური განზომილებაც. ჩვენი ვალია, რომ არ ჩავერიოთ სარედაქციო პოლიტიკაში - არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში. მე არ ვიცი, როდის ახსოვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქ ზარი ყოფილიყოს პრემიერის ადმინისტრაციიდან ან სხვა ადგილიდან და ეკარნახოთ, ესა თუ ის სიუჟეტი. მე მგონი, ასეთი რამ დღეს არ ხდება და სხვათა შორის, როდესაც ამ კითხვას სვამენ, ყოველთვის მომყავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითი, რომელიც ხშირად არის ხოლმე კიდევ უფრო კრიტიკული, ვიდრე ყველაზე უფრო კრიტიკული კერძო სატელევიზიო მაუწყებლები,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია იმედის მიერ ტელეკომპანია მაესტროსა და GDS-ის საკონტროლო პაკეტების შეძენაზეც ისაუბრა.

"ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის კერძო კომპანიების გადაწყვეტილება, რომ მოხდეს გაერთიანება, შეიქმნას უფრო ძლიერი მედია საშუალება. ნამდვილად არ არის ჩვენი ხელწერა, რომ ჩავერიოთ ამაში. ეს არის მათი ნება, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რამდენადაც მე ვიცი, ასეთი რაღაცები ხშირად ხდება მედიასივრცეში და ეს მარტო საქართველოში არ არის, სხვა ქვეყნებშიც ხდება ერთი კომპანიის მიერ კომპანიის ყიდვა, ჩაყლაპვა და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ბიზნესური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე ვერანაირად ვერ დავიბრალებ ამას,"- ამბობს პრემიერმინისტრი.

რუსთავი 2-ის სასამართლო დავასა და მედიის თავისუფლებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები