აშშ-რუსეთის ურთიერთობა

პესკოვი: რუსეთი აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას ადეკვატურ პასუხს გასცემს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი აშშ-ის მიერ ახალი სანქციების დაწესებას ადეკვატურ პასუხს გასცემს.

"ჯერ ვერ ვიტყვი, როგორი იქნება პასუხი, თუმცა, როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში უალტერნატივოა სამაგიეროს პრინციპი. რა თქმა უნდა, გაცემული პასუხი იქნება ადეკვატური", - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, თუ როგორი იქნება ზუსტად რუსეთის პასუხი, ამას ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს.

გარდა ამისა, პესკოვმა ისიც აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თავისი ქმედებებით ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციები შეარყიოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ობამას ადმინისტრაციას "გაბოროტებულ და ახლომხედველ წარუმატებელ პირთა ჯგუფი" უწოდა.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, გუშინ 35 რუსი დიპლომატი არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის ქვეყნიდან გააძევეს, ასევე, მერილენდსა და ნიუ იორკში რუსული სადაზვერვო სამსახურის ორი სტრუქტურა დახურეს. 

"ეს ნაბიჯები მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების არაერთ გაფრთხილებას პირისპირ თუ საჯაროდ, ეს ნაბიჯები საჭირო და შესაბამისი პასუხია ამერიკის ინტერესების საზიანო ქმედებების წინაღმდეგ", - თქვა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 

რუსეთის ხელისუფლება, თავის მხრივ, ნოემბრის არჩევნებში ნებისმიერ ჩარევას უარყოფს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციები დაუწესდება კიდევ 9 ორგანიზაციას, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ჩათვლით.

კომენტარები