ქართული მედია

მაესტროს დირექტორი: იანვრიდან რა იქნება, არ ვიცი, ოფიციალურ განცხადებას ველოდები

"რა იქნება იანვრიდან, არ ვიცი", - ამის შესახებ სტუდია მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა ტელეკომპანია იმედის მიერ მაესტროს და GDS-ის ყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

"მოლაპარაკებები, ალბათ, დამფუძნებლებს შორის, მიმდინარეობდა. მოულაპარაკებლად, ალბათ, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. მე ამ მოლაპარაკებებში არ ვერეოდი. რა იქნება იანვრიდან, არ ვიცი, იმიტომ, რომ მე ველოდები ოფიციალურ განცხადებას", - თქვა ნაყეურმა რუსთავი ორთან საუბარში.

კითხვაზე, როდის იქნება ოფიციალური განცხადება, მაესტროს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ "სავარაუდოდ, ხვალ".

ლიბერალის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედი" „მაესტროსა" და „GDS-ს" ყიდულობს. სავარაუდოდ, შეიქმნება ერთიანი მედიაჰოლდინგი, რასაც თითოეულ არხზე რეორგანიზაცია მოჰყვება.

როგორც ცნობილია ტელეკომპანია იმედს მესტროსა და ჯიდიესზე სარეკლამო დროს 100%-იანი პაკეტი აქვს ნაყიდი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებს აქამდეც საერთო კომერციული ინტერესები ჰქონდათ. ამასთანავე არჩევნებზეც ამ ახრებმა საერთო ეგზიტპოლი ჩაატარეს.

კომენტარები