საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

IDFI: სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა

ShutterStock

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ბოლო პერიოდში, საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„2015 წლის ბოლო თვეებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოთხოვნის შემთხვევაში, სრულყოფილი სახით გასცემდა სასამართლო გადაწყვტილებათა ასლებს, თუმცა მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა 2015 წლის ოქტომბრიდან, როდესაც დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა. შედეგად, დღეის მდგომარეობით, შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღება ისეთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც კი, როგორიც, მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის პრაქტიკის შესასწავლად IDFI-მ საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალ ყველა სასამართლოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებები გააგზავნა. მომზადებული ანალიზი სწორედ სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს ემყარება.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე, IDFI ასკვნის, რომ დღეს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებობს შემდეგი სისტემური პრობლემები:

სასამართლოს გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობის პრაქტიკა:

  • საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავენ პერსონალური მონაცემის ცნებას და დეპერსონალიზაციის შეუძლებლობას, ისინი არ ითვალისწინებენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესს. დარღვეულია ბალანსი პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის;
  • გაცემული გადაწყვეტილებების დეპერსონალიზაციისას, რიგ შემთხვევებში, იფარება, აგრეთვე, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირი და სახელმწიფო წარმომადგენლები;
  • საერთო სასამართლოები პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას ავრცელებენ იურიდიულ პირებზე;
  • საერთო სასამართლოები უარს ამბობენ სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცემაზე საკმარისი რესურსის არარსებობის გამო;
  • საერთო სასამართლოებში, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს სასამარლოს გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შეთანხმებული შაბლონური ფორმები;
  • რიგ შემთხვევებში, სასამართლოები ავლენენ განსხვავებულ მიდგომებს, განმცხადებელ (საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ) სუბიექტებთან (ფიზიკური და იურიდიული პირებთან) მიმართებით.

 

მოქმედი კანონმდებლობის თვალსაზრისით:

  • არსებულ წესრიგში, ფაქტობრივად, უპირობო უპირატესობა ენიჭება პერსონალური მონაცემების დაცვას. არ არის გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემის წესი, თუ ის შეიცავს განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალურ მონაცემს;
  • მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც ორდინალურ საჯარო ინფორმაციას, მასზე ვრცელდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ზოგადი წესები და არ არის გათვალისწინებული მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის ლეგიტიმური ინტერესები;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გამიჯვნა არ ხდება სამართლებრივი ურთიერთობის მიხედვით. არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნების, კატეგორიის, საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით დადგენილია გამჟღავნების ერთგვარი სტანდარტი;
  • ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ზოგადი წესით, არის დახურული;
  • კანონმდებლობით დადგენილია, ნორმატიული ბალანსი სამართლებრივ სიკეთეებს შორის და არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობა.

IDFI-ის ინფორმაციით, ანალიზი „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა.

კომენტარები