საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: შორენა თეთრუაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მართვას უნდა ჩამოსცილდეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე
იმედი

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ეკლესიის მართვა-გამგეობას უნდა ჩამოსცილდეს. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეს განცხადება წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა. მიტროპოლიტის შეფასებით, პატრიარქმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და მისი მდივანი ეკლესიას ჩამოაცილოს, რასაც ეკლესიაში მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება.

"ნამდვილად ჩავთვალე საჭირო, რომ საზოგადოებამ იცოდეს ის, რაც არაერთხელ გვითქვამს სინოდის სხდომაზე, რომ პრობლემა არის დიდი ძალაუფლების არსებობა ამ ქალბატონის ხელში, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ამ გამოსწორებას რა თქმა უნდა ეკლესიაში მდგომარეობის გაჯანსაღება მოჰყვება. 

არა საკითხი არ დამიყენებია, ის პირადად პატრიარქის მდივანია, მე კიდევ ერთხელ ვთქვი და შევახსენე მის უწმინდესობას, მამა-შვილური დამოკიდებულებით, რომ შორენა თეთრუაშვილი რა თქმა უნდა არა მოიხსნას, არამედ ჩამოსცილდეს მართვა-გამგეობას საქართველოს საპატრიარქოს. 

რა თქმა უნდა მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი. იყო მცდელობა შარშან ამ დროს მახსოვს ასევე სინოდის სხდომის შემდეგ და რაღაც გარკვეულ მიზეზთა გამო და მე ამას ვუწოდებ ღალატს ეკლესიის ინტერესებისას, როდესაც პატრიარქს არწმუნებენ ხოლმე გარკვეული ადამიანები, რომ ეს ქალბატონი საჭიროა დედა ეკლესიისთვის და საჭიროა ამ მდგომარეობით, რაც ახლა მას უჭირავს. - ეს მე მიმაჩნია ძალიან დიდ უხერხულობად.

განუსაზღვრელია მისი ძალაუფლება, ანუ მას ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს სახელით. სამწუხაროა, რომ რიგი იერარქები უფრო მეტად ასრულებენ მის დავალებებს, ვიდრე საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის", - ტელეკომპანია იმედის ეთერში ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

კომენტარები