ლარის გაუფასურება

მიქაუტაძე: გალარების პოლიტიკა იყო სიგნალი ბიზნესისთვის, რომ ლარი არ გამყარდება

ტაბულა

გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის გიგლა მიქაუტაძის თქმით, მთავრობის მიერ სესხების გალარების პოლიტიკის გამოცხადება ბიზნესისთვის იყო სიგნალი, რომ კურსის გამყარება საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი არაა. 

"როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს სესხების ლარში გადატანას, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ლარი გამყარდება. ეს სიგნალია ბაზრისთვის, რაც ბუნებრივია ფიზიკურ პირებს იურიდიულ პირებს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას აძლევს, რომ საკუთარი დანაზოგები უცხოურ ვალუტაზე გადაიტანონ", - ტაბულასთან საუბარში ამბობს მიქაუტაძე.

იპოთეკური სესხების გალარების პოლიტიკა 2015 წლამდე აღებულ სესხებს ეხება. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სესხის სუბსიდირებისთვის 65 მილიონ ლარს გამოყოფს. ამ თანხით ლარში კონვერტაციის მცირე წილი დაფინანსდება.

მაგალითად, თუ გალარების დროს დოლარი 2.78 ღირს, სესხის ლარში კონვერტაციისას მთავრობა დაფარავს 20 თეთრს, მოქალაქის გადასახდელი დოლარები კი 2.58-ში დაიანგარიშება. 

გალარების პოლიტიკით 33 ათასი მსესხებელი ისარგებლებს, მათი სესხების საერთო ღირებულება ჯამში $400 მილიონია.

ეროვნული ბანკის 10-პუნქტიანი დედოლარიზაციის გეგმის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 ათას ლარამდე და 2018 წლის 1 იანვრიდან 200 ათას ლარამდე ზომის სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ყველა ახალი მსესხებლისთვის სავალუტო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

კომენტარები