თავდასხმა რუსეთის ელჩზე

რას იხსენებს თავდამსხმელის ცნობილი ფოტოს ავტორი რუსეთის ელჩის მკვლელობაზე

Associated Press-ის ფოტოგრაფი ბურჰან ოზბილიჯი ანკარაში იმ ფოტოგამოფენას ესწრებოდა, რომელზეც გუშინ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. სწორედ მას ეკუთვნის თავდამსხმელის ცნობილი ფოტო მკვლელობის შემდეგ.


ფოტო: Burhan Ozbilici/AP

გამოფენა სახელწოდებით "მოგზაურის თვალით - კალინინგრადიდან კამჩატკამდე" საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. ფოტოგრაფი იხსენებს: "ჩვენს ოფისში მივდიოდი და გადავწყვიტე, გამოფენაზე გზად შემევლო. როდესაც მივედი, სიტყვით გამოსვლები უკვე დაწყებული იყო. როდესაც ელჩი მიკროფონთან დადგა, მივუახლოვდი გადასაღებად, ვიფიქრე, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობასთან დაკავშირებულ ამბებზე ფოტო გამოგვადგებოდა.

ელჩი საუბრისას გულთბილად იხსენებდა სამშობლოს და პერიოდულად ჩერდებოდა, რადგან თარჯიმნის თურქულ თარგმანს ელოდა. შემდეგ უცბად სროლა ატყდა, დამსწრეები პანიკამ მოიცვა. ელჩის სხეული იატაკზე აღმოჩნდა, ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. მის გარშემო სისხლი ვერ დავინახე, ვიფიქრე, ზურგში მოხვდა ტყვია.

ბურჰან ოზბილიჯი
ფოტო: Burhan Ozbilici/Twitter
რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა მოხდა: ადამიანი ჩემ თვალწინ მოკვდა, სიცოცხლე ჩემი თვალების წინ გაქრა.

უკან გადავდგი ნაბიჯი, სანამ თავდამსხმელი იარაღს ხალხისკენ იშვერდა. თავიდან ვერ მივხვდი, რა ამოძრავებდა. ვიფიქრე, რომ ჩეჩენი სამხედრო იყო. მაგრამ მოგვიანებით ხალხმა თქვა, რომ ის სირიის ქალაქ ალეპოზე საუბრობდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ალეპოს დაბომბვაზე იყო გაბრაზებული. იქ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ის ყვიროდა Allahu akbar-ს, დანარჩენი ვერ გავიგე.

თავდამსხმელი დადიოდა ელჩის ცხედრის გარშემო, გამოფენისთვის დაკიდულ ფოტოებს ხელს კრავდა. რა თქმა უნდა, შემეშინდა, ვიცოდი, რომ საფრთხე მელოდა. ვფიქრობდი - "აქ ვარ, რომც დავიჭრა ან მომკლან, ჟურნალისტი ვარ. უნდა გავაკეთო ჩემი საქმე." შემეძლო, ფოტოების გარეშე გამოვვარდნილიყავი, მაგრამ შემდეგ ხალხს ვერ ვუპასუხებდი, რატომ არ გადავიღე ფოტოები.

ჩემი მეგობრები და კოლეგები გამახსენდნენ, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში მუშაობისას დაიღუპნენ. თავდამსხმელი კი ყვიროდა და უცნაურად კარგად აკონტროლებდა საკუთარ თავს. ის ყველას გვიყვიროდა, უკან გავწეულიყავით. შემდეგ დაცვამ გვითხრა, დარბაზში გადავსულიყავით და დავტოვეთ ოთახი. 

სასწრაფოები სწრაფად მოვიდნენ და პოლიციამ ოპერაცია დაიწყო. თავდამსხმელი სროლაში მოკლეს.

ოფისში როდესაც მივედი ფოტოების დასამუშავებლად, ვნახე, რომ თავდამსხმელი პირდაპირ ელჩის უკან მდგარა, როგორც მეგობარი ან დაცვის თანამშრომელი".

კომენტარები