მონეტარული პოლიტიკა

სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, თუ ფასების სტაბილურობა რისკის ქვეშ დადგა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

ეროვნულმა ბანკმა ლარის ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში, თუ საშუალოვადიან პერიოდში გაუფასურებამ ფასების სტაბილურობა რისკის ქვეშ დააყენა, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს არსებული კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები" განაპირობებს.

ეროვნული ბანკის განცხადება:

"გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა. მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს.

გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს.

საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს", - წერია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული კომიტეტის 14 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 6.5%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

სებ-ი ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუფასურებამდე, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო მეტად, 6%-მდე, შემცირებას აანონსებდა. 

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო ერთი წლის წინ გაამკაცრა. 2015 წლის 16 დეკემბერს განაკვეთი 8%-მდე გაიზარდა, საიდანაც სებ-მა ეტაპობრივი გამოსვლა 2016 წლის მარტში დაიწყო.

ერთი წლის წინ ინფლაციის მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენდა, დღეს ეს ნიშნული 0.2%-ზეა. ეს კი ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით ფასების ზრდის მაჩვენებელი მინიმალურია.

კომენტარები