მონეტარული პოლიტიკა

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტია.

ეროვნული ბანკის განცხადებით, "საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტზე ნაკლებია". მათი შეფასებით, "ფასების სტაბილურობა, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, როგორც დროული გამკაცრების, ისე ეტაპობრივი ნორმალიზების მიმართულებით, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა".

ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, "სხვა თანაბარ პირობებში", 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება. საშუალოვადიან პერიოდში კი, 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

"პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობა რისკებს შეიცავს. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ასევე ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, მათ შორის, რეგიონალური რისკის პრემია გაიზარდოს და სხვადასხვა არხებით ფასებზე ზეწოლა წარმოიქმნას.

გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია, ხოლო წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენები ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის საფრთხეებს წარმოშობს, რაც, იმპორტული საქონლის არხით, მთლიანი ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. საგარეო ფაქტორებს მიღმა, შიდა ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია, რამაც მომავალში ასევე შესაძლოა ფასებზე ზეწოლა მოახდინოს.

ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები