ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

"საფინანსო კომპანია საქართველოს" დირექტორი და მმართველი დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა. საუბარია 76 მილიონ ლარზე.

 

გამოძიების მტკიცებით, თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, "ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა მეანაბრეთა თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე."

საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაიცა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,"განთიადზე" – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი.

"შპს "საფინანსო კომპანია საქართველოსგან" მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია, "-ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიებამ დააყადაღა თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს.

"აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით," - ამბობს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის (მითვისება და გაფლანგვა) მესამე ნაწილით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.

კომპანიის მეანაბრეებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე აქცია გამართეს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს.

კომენტარები