სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისია დაამტკიცა - შემადგენლობა და მუშაობის წესი

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში ცვლილებებზე იმუშავებს, შეიქმნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით მიიღო.

კომისიის პირველი სხდომა მომდევნო 15 დღის ვადაში გაიმართება. ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა მოამზადოს.

კომისიის საქმიანობა

როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დადგენილების წარდგენისას თქვა, კომისიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: კონსტიტუციის შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

„დღევანდელ კონსტიტუციას ახასიათებს მთელი რიგი წინააღმდეგობებისა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები კოლეგიალობა, გამჭვირვალობა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა იქნება.

კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი იქნება:

  • ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, პრეამბულისა და კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების სამუშაო ჯგუფი;
  • პარლამენტის ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  • პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხების სამუშაო ჯგუფი;
  • ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფი;

ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომისიის მუშაობის ორი ძირითადი ფორმაა გათვალისწინებული - კომისიის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილებებიც მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 

კომისიის საქმიანობას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის აპარატი, შესაბამისი ხარჯებიც გაწეული იქნება საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან.

 

კომისიის შემადგენლობა

საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, განსაზღვრულია კიდევ ერთი თანამდებობის პირი - კომისიის მდივანი.

საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, იქნება უმრავლესობის 23, უმცირესობის 8, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ 2 წევრი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. 

დადგენილების პროექტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან არასაპარლამენტო ბლოკების N1 პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, თუმცა მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც.

კომისიის წევრები იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები, საქართველოს სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, თუმცა, მათი ვინაობა ჯერ უცნობია.

 

შენიშვნები

დადგენილების პროექტის პარლამენტში წარდგენის შემდეგ, უმცირესობის შენიშნები ძირითადად პრეზიდენტის ჩართულობასა და კომისიის მუშაობის 4-თვიან ვადას ეხებოდა. მათი აზრით, გარდა იმისა, რომ პროცესი დაჩქარებულია, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „კინკლაობა“ შესაძლოა ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენდეს.

შენიშნების პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 4-თვიანი ვადა რაციონალურია. მისივე თქმით, ფორმატი უმაღლესი ლეგიტიმაციით სარგებლობს, რადგან პარლამენტი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა. 

კობახიძისვე აზრით, „გასაფუჭებელი არსებულ კონტიტუციაში არაფერი არ არის, ის წინააღმდეგობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან“.

რაც შეეხება კომისიის მუშაობაში ქვეყნის პირველი პირის ჩართულობას, პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას შეცვლის.

[საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, პარლამენტის მხრიდან შეთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.]

რაც შეეხება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ შენიშვნებს, ირმა ინაშვილის აზრით, კომისიაში ჩართულობა უფრო უნდა გაიზარდოს და შემადგენლობას კიდევ 6 კვალიფიციური პარტია დაემატოს.

უმრავლესობა შენიშვნებს არ ეთანხმება. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ქართული ოცნების ნდობა მოსახლეობამ არჩევნებში დაადასტურა. მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები დაინტერესდნენ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექპერტების რაოდენობით, ასევე, შესაძლებელია თუ არა სხვა სფეროს წარმომადგენლების (მაგალითად, სამეცნიერო) ჩართულობა და შუამდგომლობის გაწევა. ირაკლი კობახიძე ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მზადაა.

კომენტარები