ლარის გაუფასურება

გახარია: ლარზე გავლენა ლირას გაუფასურებამ მოახდინა

გიორგი გახარია
facebook.com/economypr

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ლარის მკვეთრ გაუფასურებას, ბოლო დროს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. გახარიას თქმით, "ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში".

"ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ჩვენს ეკონომიკაზე რომ არ აისახოს. ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

10 დეკემბრის ღამით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარს თურქეთის ეკონომიკაზე შოკის ეფექტი ჰქონდა, რის გამოც თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ამ დროისთვის ერთი დოლარი 3.47 ლირა ღირს, გასული თვის მანძილზე ლირა დოლართან მიმართებით 5.7%-ით გაუფასურდა.

დღესვე საქსტატმა ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ნოემბერში ექსპორტი 16.7%-თ, იმპორტი კი 11.7%-ით გაიზარდა.

კომენტარები