სირიის კრიზისი

რა ხდება სირიაში?

Getty Images

სირიაში კონფლიქტი უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. გაეროს ბოლო მონაცემებით, სამოქალაქო ომში დაღუპულთა რაოდენობა 400 000-ზე მეტია. კონფლიქტი განსაკუთრებით უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში გამწვავდა. გაეროს მონაცმებით წელიწადნახევრის წინ ომში დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 250 000 იყო.

დღესდღეობით კონფლიქტის ეპიცენტრი სირიის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპოა, რომლის დიდი ნაწილიც ამ დრომდე ამბოხებულ ძალებს აქვთ დაკავებული. სირიის სამთავრობო ძალები ამ ეტაპზე, სწორედ ალეპოს ამბოხებულებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.

კონფლიქტის დასაწყისი

კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც ანტი-სამთავრობო და რევოლუციორი სლოგანების სკოლის კედლებზე დაწერისთვის ქალაქ დერაში 15 სკოლის მოსწავლე დააკავეს და გავრცელებული ინფორმაციით, აწამეს კიდეც. მოსწავლეების დაკავებას დორაში საპროტესტო აქციები მოყვა. მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტები ბავშვების გათავისუფლებასა ითხოვდნენ. 18 მარტს სირიის სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა დაკრძალვისას სამთავრობო ძალებმა, მგლოვიარეებსაც გაუხსნეს ცეცხლი, რასაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამის შემდეგ სირიის ძალიან ბევრ ქალაქში, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყო. ასობით ათასი დემონსტრანტი ქუჩებს, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით იკავებდა.

ოპოზიციის მხარდამჭერები, თავის დასაცავად იძულებულნი გახდნენ ხელში იარაღი აეღოთ. შეირაღებულმა დემონსტრანტებმა თავდაცვის გარდა, სამთავრობო ძალების რამდენიმე რეგიონებიდან გაძევებაც მოახერხეს. 2011 წლის ივლისში მათ სამთავრობო ძალებიდან გამოყოფილი სამხედროებიც შეურთდნენ. მათ საკუთარ სამხედრო დაჯგუფებას სირიის თავისუფალი არმია უწოდეს.

კონფლიქტის ესკალირება საკმაოდ სწრაფად მოხდა და კონფლიქტმა 2012 წელს, სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის სახეც მიიღო. ოპოზიციის მხარდაჭერილმა დემონსტრანტებმა, ამ დროისთვის უკვე შეირაღებული ამბოხებული დაჯგუფების ფორმა მიიღეს. კონფლიქტმა სირიის დედაქალაქ დამასკოსა და სიდიდით მეორე ქალაქ ალეპომდე, სწორედ 2012 წელს მიაღწია.

2013 წლის ივნისის მონაცემებით, სამოქალაქო ომში დაღუპულთა რაოდენობა 90 000 იყო. 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით 250 000. უკანასკნელი მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 400 000 გასცდა.


ფოტო: Getty Images

კონფლიქტის მხარეები

სირიაში, დროთა განმავლობაში კონფლიქტმა კონტექსტი შეიცვალა და რელიგიური დაპირისპირების სახე მიიღო. ამბოხებული ძალების მთავარ დასაყრდენს სუნიტი მუსლიმები წარმოადგენენ, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 75 %-ს წარმოადგენენ. პრეზიდენტ ასადის დასაყრდენს კი, ძირითადად შიიტურ-ალავიტური სექტა წარმოადგენს.

დღეს, კონფლიქტის 3 ძირითადი მხარე არსებობს: ალ-ასადის სამთავრობო ძალები, ოპოზიციური ამბოხებული ძალები და ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო. საკმაოდ ძლიერი მხარეა ქურთული დაჯგუფებებიც.

ასადის ძალებს მხარს უჭერს: რუსეთის ავიაცია, ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა,ლიბანელი წევრებისაგან შემდგარი ჰეზბოლა პრეზიდენტ ასადს უჭერს მხარს. ასევე ირანელი და ავღანელი სამხედროები.

პირველად კონფლიქტში რუსეთი და ირანი ჩაერთო, რომლებმაც მხარი ასადის რეჟიმს დაუჭირეს. რუსეთი ასადის ძალებს, საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ფულით და საბრძოლო ტექნიკით ამარაგებდა.

2015 წლის 30 სექტემბერს კი, რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმების განხორციელებაც დაიწყო. რუსეთის თქმით, მათი სამიზნე ტერორისტული დაჯგუფებების წევრები იყვნენ. მათ შორის, სირიის ამბოხებული ძალებიც.

ოპოზიციურ ამბოხებულ ძალებს კი, საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. მათ მხარს უჭერენ როგორც NATO-ს სხვა წევრი ქვეყნები, ასევე ამერიკა. გარდა ამისა, ამბოხებულებს მხარს უჭერს ათობით შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის სირიის თავისუფალი არმია.

ამერიკისა და NATO-ს სხვა წევრი ქვეყნების სამიზნე სირიაში ასევე, ე.წ. ისლამური სახელმწიფოა. თუმცა, ამასთანა ერთად, აშშ მხარს უჭერს სირიის ამბოხებულ ძალებს და ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს.

მათ გარდა, ოპოზიციურ ძალებს მხარს თურქეთი, საუდის არაბეთი და ყატარიც უჭერენ. თურქეთი ამერიკელების მიერ შექმნილ კოალიციას 2015 წლის ივლისში, თურქეთში მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ შეუერთდა და კოალიციას საკუთარ საჰაერო ბაზებზე წვდომის საშუალებაც მისცა.

2016 წლის აგვისტოში კი, თურქეთმა ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და სპეციალური დანიშნულების ძალები ჩრდილოეთ სირიაში გაგზავნა, რათა თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები ტერორისტებისგან გაეთავისუფლებინა.

ევროკავშირს კონფლიქტში სამხედრო როლი არ აქვს. მათი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ქალაქი ალეპოს დაცვაა. ევროკავშირმა კონფლიქტში რუსეთის როლიც დაგმო და მისთვის სანქციების დაწესება დააპირა, თუმცა ამ ინიციატივას იტალიამ მხარი არ დაუჭირა.

გარდა ამისა, ამერიკამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, თურქეთმა, ყატარმა და საუდის არაბეთმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, საჰაერო დარტყმები მიმართულია ოპოზიციისკენ და მოსახლეობისკენ, რაც კიდევ უფრო აღვივებს ქვეყანაში არსებულ კონფლიქტს.

ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარს სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებები უჭერენ, მათ შორის ალ ქაიდა.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო კონფლიქტში მოგვიანებით ჩაერთო, თუმცა დღესდღეობით ისინი, სირიის ტერიტორიის თითქმის ნახევარს ფლობენ.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდასგან წარმოიშვა. მის შემადგენლობაში სუნიტი მებრძოლები არიან. 2011 წელს, ისინი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხებულებს შეუერთდნენ.

2013 წლიდან კი, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ოპოზიციური ძალებისგან დამოუკიდებლად, სირიის ტერიტორიის დაპყრობა დაიწყო. 2014 წელს კი, დაჯგუფება თავს დაესხა ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყს, სადაც ხალიფატი გამოაცხადა.

ტერორისტული ორგანიზაცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და მათი მიზანი მსოფლიოში მთავარი სუნიტური სახელმწიფოს შექმნაა, სადაც შარიათის ყველაზე რადიკალური კანონები იმოქმედებს. ისლამურ სახელმწიფოს უკავშირდება 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში და 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტებიც.

რუკა, რომელზეც სხვადასხვა ფერებით ნაჩვენებია მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიები. (2016 წლის სექტემბრის მონაცემები)
ფოტო: ISW

ომის დანაშაული და ქიმიური იარაღის გამოყენება

გაეროს საგამოძიებო კომისიის ცნობით, ომის დანაშაული კონფლიქტის ყველა მხარემ ჩაიდინა. მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა, წამება, გაუპატიურება და იძულებით გადაადგილება. მხარეებს ასევე ბრალი ედებათ მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის ხელის შეშლა.

2013 წლის აგვისტოში სარაკეტო თავდასხმას დამასკოში ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმისას გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი. დასავლური ძალების განცხადებით, ამ ტიპის თავდასხმის განხორციელება მხოლოდ ასადის რეჟიმს შეეძლო, რომელმაც თავისმხრივ, თავდასხმა ოპოზიციურ ძალებს დააბრალა.

ამერიკის მიერ სამხედრო ინტერვენციის მუქარის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადი სირიის ხელში არსებული ქიმიური იარაღის სრულ განადგურებას დასთანხმდა.
კუსტარულად დამზადებული ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბრალდებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოც.


ფოტო: Getty Images

ჰუმანიტარული კრიზისი

კონფლიქტის გამო სირიის ტერიტორიი 4.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. დამატებით 6.5 მილიონი ადამიანი კი სირიის ტერიტორიაზევე ითვლება იძულებით გადაადგილებულად.

გაეროს განცხადებით, სირიის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 13.5 მილიონი ადამიანის დახმარებას მინიმუმ 3.5 მილიარდი დოლარი დაჭირდება.

4.5 მილიონამდე ადამიანი ამ დრომდე კონფლიქტის ეპიცენტრში, რთულად მისაღწევად ტერიტორიაზე რჩება. მათ შორის 400 000 ადამიანი ისეთ ადგილას არის ჩარჩენილი, სადაც მათთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებაც კი შეუძლებელია.


ფოტო: Getty Images

მუდმივად განახლებადი რუკა, რომელზეც ნაჩვენებია კონფლიქტის რომელი მხარე რომელ ტერიტორიას აკონტროლებს.

კომენტარები