სირიის კრიზისი

გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის რეზოლუციის პროექტი სირიაზე ჩავარდა

AP

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ჩავარდა. რეზოლუციით რუსეთი სირიაში აშშ-ისა და მისი პარტნიორების "აგრესიას" გმობდა. 

მხოლოდ სამმა ქვეყანამ - რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ დაუჭირეს რეზოლუციის მიღებას მხარი. შაბათს გამართულ სხდომაზე 15 ქვეყნისგან შემდგარ უშიშროების საბჭოზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით შეიკრიბა 8 ქვეყანამ რუსული რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. სამმა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მინუმუმ 9 წევრის თანხმობა ესაჭიროება. 

აშშ-მა მის პარტნიორებთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად, სირიაში მდებარე სამხედრო და ქიმიური იარაღის საწყობებზე წერტილოვანი დარტყმები 14 აპრილის ღამეს მიიტანეს. 

დაბომბვის მიზეზი 7 აპრილს სირიის სახელისუფლებო ძალების მიერ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება გახდა. მომწამლავ ნივთიერებას 60-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

ქიმიური თავდასხმის გამო დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ცხოველი უწოდა და განაცხადა, რომ ამას სარაკეტო დარტყმების სახით მოჰყვებოდა აშშ-ის პასუხი. 

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეიზდენტის მიერ დახაზული წითელი ხაზის გადაკვეთას ყოველთვის სდევს თან შესაბამისი შედეგები.

კომენტარები