ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი: მიკროსესხებზე განაკვეთის ჭერი უნდა დაწესდეს

parliament.ge

ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის, რობერტ ჰენდრი სინგლეტარის თქმით, მომხმარებელთა დაცვისთვის აუცილებელია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ჭერი დაწესდეს. სინგლეტარის თქმით, მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობაზე ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს. "იქნება კონკრეტული პუნქტები, რომლითაც ეკონომიკურად მოწყვლად მოსახლეობას გაუთვითცნობიერებელი რისკისგან დავიცავთ",-ამბობს სინგლეტარი.

"მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ქმედითი ზომები უნდა განახორციელოს იმ კუთხით, რომ დააწესოს ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთებზე, რომელიც არსებობს სესხების გაცემისას - საუბარია ონლაინსესხებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაცემულ სესხებზე. იმდენად რამდენადაც ზოგადად, მოსახლეობას ფინანსური ინფორმაცია და ცოდნა არ გააჩნია, შეიძლება სიღრმეებში ვერ ხედავდეს პრობლემის არსს. აქედან გამომდინარე, მათი დაცვა შეიძლება საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესებით",-ამბობს ჰენდრი სინგლეტარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები სხვა სესხებთან შედარებით უფრო მაღალპროცენტიანია, რადგანაც მაღალია ალბათობა, რომ მსესხებლებმა თანხა არ დააბრუნონ, ამიტომაც ეს რისკი საპროცენტო განაკვეთში გათვალისწინებულია. თუ ასეთ სესხებზე საფასო ჭერი დაწესდა, ამას სავარაუდოდ ამ კომპანიების მიერ ახალი სესხების გაცემის რაოდენობის შემცირება მოჰყვება, ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს სესხის მიღებას. ადამიანთა ნაწილი ვინც თანახმა იქნებოდა მაღალი განაკვეთის გადახდაზე სესხს ვერ მიიღებს, რადგანაც ფასის ჭერის პირობებში კომპანიები სავარაუდოდ დაკრედიტების მოცულობას შეამცირებენ. 

პარლამენტმა დღეს ბანკის საბჭოს სამი წევრი აირჩია. სებ-ის საბჭოს წევრი ხელახლა გახდა ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, საბჭოს შემადგენლობაში შევიდა საქართველოს ბანკის ყოფილი დირექტორი მურთაზ კიკორია და ფინანსისტი რობერტ ჰენრი სინგლეტარი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატები 24 ნოემბერს დაასახელა. პარლამენტში კანდიდატებმა 90-93 ხმით მიიღეს ნდობა, წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ხმა 6-მა დეპუტატმა მისცა.

კომენტარები