ბლოგი

ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია

მაშინ, როცა ეკონომიკა პრაქტიკულად სტაგნაციაშია, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრა, რუსული გავლენა სულ უფრო იზრდება, ჩვენს მოქალაქეებში აპათია და ნიჰილიზმი ძლიერდება, ხოლო წამყვანი პარტიები ფართო საზოგადოების ინტერესების მსახურების ნაცვლად საკუთარი ბელადების უაზრო კაპრიზების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი, ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა სასიცოცხლო აუცილებლობად იქცა.

ბოლო ოთხმა არჩევნებმა თვალნათლივ გვაჩვენა, რომ წარსულ შეცდომებზე სწავლის უუნარობა, პიროვნების კულტი, პოპულიზმი და ნეგატივიზმი პროდასავლურ რეფორმატორებს გამარჯვებაში ხელს უშლის, ვინაიდან სწორედ იმ ამომრჩევლის გაუცხოებას იწვევს, ვისმა მხარდაჭერამაც, თავის დროზე, ვარდების რევოლუცია და პოსტრევოლუციური რეფორმები შესაძლებელი გახადა.

ამ ადამიანებს არც 2003 წლამდელ რეალობაში დაბრუნება უნდათ და არც 2012 წლამდელში. სანამ არჩევანი რეაქციულ, წარსულზე ჩაციკლულ პარტიებს შორისაა, მათი უმრავლესობა კვლავაც ინერტული იქნება. ამომრჩევლის პასიურობის შედეგი კი ყოველთვის სტატუსკვოს გამარჯვება იქნება.

არჩევნების მოსაგებად პროდასავლელ რეფორმატორებს, პირველ რიგში, დედაქალაქსა და სხვა ურბანულ ცენტრებში მომხრეების, სულ მცირე, გაორმაგება სჭირდებათ. ეს კი საშუალო კლასის მხარდაჭერის მკვეთრი ზრდის გარეშე შეუძლებელია. სახლში დარჩენილი ამ ამომრჩევლის გააქტიურებას მხოლოდ ყოველგვარი რევანშიზმისგან თავისუფალი, პოზიტიური პროგრამის მქონე მშვიდი ძალა შეძლებს.

ტრადიციული პროდასავლური პარტიების კრიზისმა და რეფორმირების უუნარობამ კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ არც ერთი უკვე არსებული პარტია ასეთ ძალად ვერ მოგვევლინება, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ მათი ფუნდამენტური ტრანსფორმაცია არ მოხდება. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად ვინ და რა ფორმით შეიძლება მოგვევლინოს ამ ძალის სახით. უახლოესი დრო გვიჩვენებს, ამას ახალი პარტიის შექმნა დასჭირდება თუ არსებული პარტიების შიგნიდან განახლების გზით მოხერხდება.

ამის მიუხედავად, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება უკვე ითქვას - თავისუფლების, სამართლიანობისა და სოლიდარობის ღირებულებებზე დაფუძნებული ახალი დემოკრატიული ძალა წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს და სხვა ახალბედა პოლიტიკური წარმონაქმნების მძიმე ხვედრს მხოლოდ მაშინ არ გაიზიარებს, თუ კი რომელიმე ეგომანიაკის პერსონალური ამბიციების იარაღად ან ერთი ვიწრო საკითხის ირგვლივ დაჯგუფებად არ იქნება აღქმული.

პოლიტიკური ცვლილებებისათვის აუცილებელი მხარდამჭერთა კრიტიკული მასის მობილიზება მხოლოდ მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოების ფართო ინტერესებზე გათვლილი ლიბერალური რეფორმების ყოვლისმომცველი პროგრამითაა შესაძლებელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა, რომ ამ ძალის სახით საქმე აქვს ახალი ენერგიით, პრაგმატიზმითა და პასუხისმგებლობით მოქმედ პროფესიონალების გუნდთან, რომელსაც ყველა დარგში აქვს საჭირო ხედვა და კომპეტენცია, და რომელსაც მშვიდად შეგიძლია ანდო არა მხოლოდ რომელიმე ერთი ცალკე აღებული სფერო, არამედ მთელი ქვეყნის ბედი და საკუთარი მომავალი.

მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენით, ვარდების რევოლუციით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებით დაიწყო, მაგრამ რომელსაც თითოეული მოქალაქისათვის ჯერ კიდევ მოსატანი აქვს პატიოსანი შრომით ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა, კანონის უზენაესობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობა.

კომენტარები