ბიუროკრატია

2017 წლის ბიუჯეტით 90%-ით იზრდება და 1.3 მილიარდს აღწევს სსიპ-ების დაფინანსება

flickr.com

მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, 90%-ით, 1.3 მილიარდ ლარამდე ზრდის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსებას. სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები ნაწილობრივ ან სრულად ბიუჯეტის დაფინანსების ქვეშ მყოფი ორგანიზაციებია, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საქმიანობაში არიან ჩართული. მაგალითად, სსიპ-ს წარმოადგენს სუხიშვილების ქართული ცეკვისა და ბალეტის დასიც, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტით 910 ათას ლარს მიიღებს.

2017 წლისთვის სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გადასახდელები 2.2 მილიარდი ლარი იქნება, აქედან 1.3 მილიარდი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 894 მილიონი კი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსავლებია. ბიუჯეტის პროექტში 231 სსიპ და 67 ა(ა)იპ არის შესული. 

სსიპ-ია ეკონომიკის სამინისტროს დაფუძნებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც, რომლის საბიუჯეტო დაფინანსება მომავალი წლისთვის 8.2 მილიონი ლარი იქნება. სსიპ-ს წარმოადგენს კონკურენციის სააგენტოც, რომლის დაფინანსება მომავალ წელს 1.9 მილიონი ლარი იქნება. ასევე სსიპ-ია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომლის დაფინანსებაც 58 მილიონი ლარი იქნება.

ზოგიერთი სსიპ-ი, იმისდა მიუხედავად, რომ ბიუჯეტის კანონის მიხედვით პირდაპირ ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს მაინც ბიუჯეტიდან იღებს. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი მომავალ წელს 53 მილიონია. ბიუჯეტის მონაცემებით, აქედან 0 თეთრია ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება, თუმცა სინამდვილეში უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მილიონს აღემატება, რაც სტუდენტების სასწავლო გრანტების დაფინანსებას უკავშირდება.

კომენტარები