ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, როდის და როგორ ჩატარდება ენმ-ის ყრილობა

დღეს, 14:0-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება, როგორ და როდის ჩატარდება ყრილობა, რომელმაც პარტიის ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს. პარტიაში დელეგატების შერჩევის ორი წესია მომზადებული. პირველი დოკუმენტის მიხედვით, ყრილობა 27 დეკემბერს ჩატარდება და მასში 2 158 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დელეგატების შერჩევის მეორე წესი ყრილობის 20 იანვარს ჩატარებას ითვალისწინებს და მასში ხმის უფლების მქონე 7000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

„პოლიტსაბჭო გადაწყვეტს იმას, თუ რა წესებით ჩატარდება ყრილობა, ანუ რა იქნება დელეგატების დაკომპლექტების წესი, რა იქნება რაოდენობა და რა იქნება დღის წესრიგი. შესაბამისად, უმრავლესობა რომელ წინადადებასაც ექნება, ის გადაწყვეტილება გავა და იმის მიხედვით ჩატარდება ყრილობა", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგი კაპანაძე და აღნიშნავს, რომ ასევე სხდომაზე გადაწყდება, იანვარში იქნება ყრილობა თუ დეკემბერში.

„ის, რომ რამდენიმე მოსაზრება არსებობს, ყველამ ვიცით, ამაზე დისკუსია ღიად მიმდინარეობს, დამალული არ არის, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმის მიხედვით იმოქმედებს პარტია", - ამბობს დეპუტატი.

 

მოცემულ ვიდეოში იხილავთ ევროპისა და ამერიკის დემოკრატიული ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური პარტიების წევრთა და ყრილობის დელეგატთა რაოდენობას.

კომენტარები