საქართველოს პარლამენტი

თავდაცვის კომიტეტმა ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია

თორნიკე ბარათაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია.

თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სახელით ემზარ კვიციანი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით - ირაკლი აბესაძე.

კენჭისყრაზე აბესაძეს კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი. მას მხოლოდ 1 ხმა დააკლდა, რადგან არჩევისთვის საკმარისი კვორუმი 9 დეპუტატის მხარდაჭერა იყო.

ემზარ კვიციანს კი, მხარი კომიტეტის 5-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძე, ასევე კობა ნარჩემაშვილმა და ვიქტორ ჯაფარიძემ.

კენჭისყრის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, რომ არსებობს პოლიტიკური შეთანხმება - კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების 12 თანამდებობაზე მხარდაჭერილი იყოს ენმ-ის კანდიდატი, ხოლო 3-ზე - პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი. სესიაშვილმა აღნიშნა, რომ დეპუტატებმა პატივი უნდა სცენ პოლიტიკურ შეთანხმებას იმის მიუხედავად, ვის ვინ მოსწონს და ვინ არა. ემზარ კვიციანის თქმით კი, ამასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხს თავდაცვის კომიტეტი მოგვიანებით დაუბრუნდება.

ცნობისთვის, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წარდგენით, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სამი თანამდებობა უკვე დაკავებულია. კერძოდ, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები არიან იურიდიული კომიტეტის, დიასპორის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები.

კომენტარები