ოკუპირებული ტერიტორიები

აშშ რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის ჯარების ერთიანი დაჯგუფების შექმნას არ აღიარებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დანაყოფის შექმნის შესახებ შეთანხმების ლეგიტიმურობას.

"აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებთან ერთიანი სამხედრო ძალის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმების ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"აშშ-ის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა უზრუნველყოს", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები