ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვარშალომიძე: არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი

geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილების შესახებ აჭარაში ენმ-ის სიის პირველმა ნომერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ამომრჩეველს ბოდიში მოუხადა. ლევან ვარშალომიძე მანდატზე უარის თქმის მიუხედავად, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

"მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი, ეს მომცემს საშუალებას, უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს, ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან, ვიმუშაო იმ პრობლემებზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან", - განაცხადა ვარშალომიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას შეფასებით, "ლევანი ნამდვილად არ მისცემს იმის ფუფუნებას ივანიშვილს, რომ მისი შესაძლებლობა და ძალა არ მოხმარდეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამიტომ, იქნება ლევანი უმაღლეს საბჭოში თუ იქნება ლევანი უბრალოდ მის ოფისში, დარწმუნებული ვარ, ლევანი იქნება ლიდერი და ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც საბოლოოდ ჩამოშლის ივანიშვილის რეჟიმს".

აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ს 5 დეპუტატი ეყოლება. ვარშალომიძის ადგილს სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე დაიკავებს. ფრაქციას კი, ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს.

კომენტარები