მძღოლს, რომელმაც ტროტუარზე ორი ქვეითი იმსხვერპლა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მძღოლს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ტროტუარზე ორი ქვეითი იმსხვერპლა, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და გიორგი რაზმაძე დამნაშავედ ცნო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში (სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი), რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, გიორგი რაზმაძე მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW" მარკის ავტომანქანით განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ახორციელებდა ავტორბოლას აღნიშნულისთვის შეუსაბამო ადგილას. მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ და შეეჯახა ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე ნათია დვალს და თამარ მჭედლიძეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ნათია დვალი და თამარ მჭედლიძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ", - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები