NATO-საქართველო

სამადაშვილი: რუსეთის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად უნდა უპასუხოს

სალომე სამადაშვილი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი NATO-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, МИД-ის განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველოში არჩევნები რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა.

"ეს თავდასხმაა საქართველოს პროდასავლურ კურსზე და ჩვენს ურთიერთობებზე NATO-სთან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი განცხადებით უნდა უპასუხოს. მსგავსი განცხადებები ჩვენს სუვენერულ ინტერესებში შემოსვლაა, რისი უფლებაც რუსეთის სახელმწიფოს არ აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს განცხადებაც უპასუხოდ დარჩება, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებას არაერთი მსგავსი განცხადება დაუტოვებია უპასუხოდ", - თქვა სამადაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, სერიოზულ საფრთხეს ხედავს.

NATO-საქართველოს სწავლება 2016 ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

კომენტარები