NATO-საქართველო

რუსეთის საგარეო სამინისტრო NATO-საქართველოს წვრთნებზე: სერიოზულ საფრთხეს ვხედავთ

breakingnews.sy

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, სერიოზულ საფრთხეს ხედავს.

"ყურადღებას ვაქცევთ NATO-საქართველოს მორიგ წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 250-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე 13 ქვეყნიდან. ეს უკვე მესამე ასეთი ტიპის წვრთნაა მიმდინარე წელს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტენსიურ-ოპერატიული მომზადება მიმდინარეობს NATO-ს სტანდარტებით, ალიანსის სამეთაურო  სტრუქტურების აქტიური ჩართულობით. რუსეთი სერიოზულ საფრთხეს ხედავს რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის კუთხით, ასეთი ტიპის ქმედებებით. თავიანთი შეშფოთების შესახებ არაერთხელ განაცხადეს საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმაც - სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

სამინისტროს განცხადებაში ასევე საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე. რუსული მხარე საქართველოს "მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში" ადანაშაულებს.

"ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ უბიძგა თბილისს NATO-ს წევრობაზე დაპირებამ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა, 2008 წელს დანაშაულებრივი თავდასხმისკენ რუს სამშვიდობოებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე. NATO-ში არც მალავენ, რომ არსებული სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება, როგორც რუსეთის "შეკავების" პოლიტიკის ნაწილი. როლი, რომელსაც საქართველო ცდილობს, დაიკავოს მოცემულ კონტექსტში, ართულებს პოზიტიურ პროცესს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები