ლარის გაუფასურება

პრეზიდენტი ლარის გაუფასურებაზე: ზოგჯერ საჭიროა არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა

facebook.com/PresidentMargvelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა ლარის კურსის დარეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება შეაფასა. ამის შესახებ დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზოგჯერ არაორდინარული ნაბჯების გადადგმაა საჭირო, რათა მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას.

"ლარის კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და, შესაბამისად, დღეს ეს არის ის პრიორიტეტული თემა, რომელზეც ზრუნვა ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. ამ თემასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას", - თქვა მიშველაძემ.

დღეს საქართველოს მთავრობამ ლარის მერყეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ეფექტის შერბილების მიზნით, უახლოეს მომავალში დაწესდება გარკვეული საბაზრო რეგულაციები, რომლებიც "დედოლარიზაციას" ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად. მთავრობის განმარტებით, ამ ღონისძიებებს ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური ეფექტი არ უნდა ჰქონდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომავალი წლისთვის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გეგმავს. 

კომენტარები