ეკონომიკური ზრდა

დაზუსტებული მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.9%-ით გაიზარდა

benjielayug.com

საქსტატმა დღეს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ზომამ 31.7 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელი კი 2.9% იყო. მიმდინარე ფასებში საქართველოს ეკონომიკის ზომა გასულ წელს $13.9 მილიარდი იყო, რაც 2014 წელთან შედარებით $2.6 მილიარდით ნაკლებია, ეს შემცირება 2014 წელთან შედარებით ლარის გაუფასურებას უკავშირდება.

რაც შეეხება ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობას, გასულ წელს ის 8 550 ლარი იყო, დოლარში მიმდინარე ფასებში გადაანგარიშებით ეს $3 766-ია. 

ეკონომიკის სექტორების ზომის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილება ასე გამოიყურება:

  1. მრეწველობა - 16.8%
  2. ვაჭრობა - 16.7%
  3. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -10.5%
  4. სახელმწიფო მმართველობა - 9.3%
  5. სოფლის მეურნეობა - 9.1%
  6. მშენებლობა - 7.9%
  7. ოპერაციები უძრავი ქონებით -6%
  8. სხვა დარგები - 23%

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.6%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.9% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.9%-ით აღემატებოდა. 2015 წელს საქართველოს მთავრობა თავდაპირველად 5%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა, თუმცა ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გამო აშკარა გახდა, რომ ამ ზრდის მიღწევა შეუძლებელი იყო, რის გამოც წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტში კორექტირება შევიდა და სამიზნე ზრდად 2% განისაზღვრა.

2015 წლის მანძილზე ეკონომიკის ხუთი ყველაზე ნელა მზარდი სექტორი:

  1. შინამეურნეობების საქმიანობა - მინუს 4.8%
  2. დამამუშავებელი მრეწველობა - მინუს 2.4%
  3. ვაჭრობა - 0.2%
  4. სოფლის მეურნოება - 1.5%
  5. განათლება -2.1%

2015 წლის მანძილზე ეკონომიკის ხუთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი:

  1. სამთომომპოვებელი ინდუსტრია -22.4%
  2. მშენებლობა -13.5%
  3. საფინანსო საქმიანობა - 10.2%
  4. ფინანსური შუამავლობა - 8.7%
  5. პერსონალური და კომუნალური მომსახურება - 8.5%

კომენტარები