ეკონომიკური ზრდა

ნამჩავაძე: ლარის გამყარების მოტივით მიღებული რეგულაცია ეკონომიკურ ზრდას შეანელებს

ტაბულა

საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს რეგულაციაზე, რომელიც ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, ამის შესახებ პრემიერმა 13 ნოემბერს განაცხადა. "რამდენიმე დღეში გვექნება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ახალი ნაბიჯების გახმოვანება. ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით, იმისათვის, რომ ლარის დასტაბილურებას და გამყარებას დავეხმაროთ", - ამბობს პრემიერი.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის ბესო ნამჩავაძის შეფასებით, რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც მიზნად ლარის კურსის დასტაბილურებას ისახავს, ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სახის რეგულაციაზე საუბრობს პრემიერი, მას და ეკონომიკის მინისტრს USAID-ის ორგანიზებით გამართულ "გლობალური მეწარმეობის კვირეულზე" მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

"პრემიერი აშკარად რაღაც სახის საბანკო რეგულაციაზე საუბრობს, შესაძლოა დოლარში გასაცემი სესხების მოცულობაზე იყოს დამატებითი რეგულაციები, ამიტომაც თქვა, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. პირობითად, თუ სესხებზე დაწესდა რაიმე სახის შეზღუდვა, ბანკებს დასჭირდებათ ნაკლები დოლარი, ეს გარკვეულწილად მოთხოვნასაც შეამცირებს, რამაც შესაძლოა კურსის სტაბილურობას შეუწყოს ხელი, თუმცა ეს აუცილებლად დააზარალებს ეკონომიკურ განვითარებას", - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

2016 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.6%-ია, რაც მთავრობის მიერ დადგენილ საპროგნოზო 3%-იან ზრდის ნიშნულზე ნაკლებია.

კომენტარები