აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

ნოდია: ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, ვის აიყვანს ტრამპი გუნდში

ტაბულა

პოლიტოლოგი გია ნოდია, facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის არჩევნების შედეგებზე წერს:

  1. ამერიკამ რომ ტრამპი აირჩია, ტეხავს, კი.
  2. იქ, სადაც მე ვარ, ხალხი შეწუხებულია, შოკირებული, ზოგი შეიძლება დეპრესიულიც, მაგრამ პანიკაში არავინაა. ლაპარაკები "კანადაში გაქცევაზე" და მისთანებზე ისე, ემფატიკური გამონათქვამებია
  3. ტრამპი როგორი პრეზიდენტი იქნება და კონკრეტულად რას იზამს, არავინ იცის, მათ შორის, თავად ტრამპმა. დარწმუნებული ვარ, ახლა იწყებს ფიქრს, აწი რა ქნას. სინამდვილეში, თვითონაც არ ელოდნენ ამ გამარჯვებას, რაც არ უნდა რიტორიკა ჰქონოდათ
  4. ახლაა გამოცდა ამერიკული check and balances სისტემის. მართალია, კონკრესის ორივე პალატა რესპუბლიკელებისაა, მაგრამ რესპუბლიკელები რამდენად არიან ტრამპის, ეს საკითხავია. ტრამპი რესპუბლიკელებისთვის არის უცხო სხეული. ის რეპუბლიკელი არასოდეს ყოფილა (ხშირად უფრო დემოკრატად ასაღებდა თავს), მაგრამ ახლა აიღო და პარტია ქვემოდან დაიპყრო საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად. გამარჯვების ტალღაზე, ცხადია, პარტიის ერთიანობის დემონსტრაცია მოხდება, მაგრამ მომავალში რა როგორ იქნება, ეშმაკმა უწყის
  5. არავინ იცის, ტრამპის წინასაარჩევნო ლაპარაკიდან რა იქცევა რეალურ პოლიტიკად და რა - არა (მითუმეტეს, რომ წინასაარჩევნო ლაპარაკი უფრო სლოგანები იყო, ვიდრე პოლიტიკური ნაბიჯების აღწერა). ტრამპი არც კონსერვატორია და არც მითუმეტეს "ფაშისტი", ის ზეიდეოლგიური პოპულისტი დემაგოგია, რის გამოც მისი მომავალი ქმედებების წინასწარმეტყველება ძალზე რთულია. შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები გააკეთოს, შეიძლება არც ისე ცუდი
  6. პუტინთან ჩახუტება, ბუნებრივია, განსაკუთრებით გვაწუხებს. უნდა გვაწუხებდეს კიდეც. მაგრამ გავიხსენოთ, რომ ობამამაც ამით დაიწყო (აბა "გადატვირთვა" რა იყო?). მანამდე ბუშმა პუტინს თვალებში ჩახედა და მეგობარი დაინახა. ამ შემთხვებაში რას მოიტანს პირველი ჩახუტება (რომელიც, ალბათ მოხდება) და რამდენ ხანს გაგრძელდება, ესეც არავინ იცის. ორი ასეთი ტემპერამენტის ადამიანი ერთად ან მოძოვს ან ვერა
  7. მისი პირველი სიტყვა გამარჯვების შემდეგ სრულიად ნორმალური იყო, ისე ილაპარაკა, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტი უნდა ლაპარაკობდეს. ჰილარის მიმართაც კი რევერანსი გააკეთა, ჰილარიმ და მერე ობამამაც შესაბამისად უპასუხეს. ეს ძალიან ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ კამპანიის სიგიჟის შემდეგ ნორმალურ პოლიტიკასთან დაბრუნების გარკვეული სურვილი გამოჩნდა. არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპი-პრეზიდენტი გაცილებით უფრო კონვენციური პოლიტიკოსი გახდეს, ვიდრე ტრამპი-კანდიდატი. მიმიკას, ვარცხნილობას და მისთანებს არ ვგულისხმობ, მაგას არაფერი ეშველება
  8. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, ვის აიყვანს ტრამპი თავის გუნდში. სავსებით შესაძლებელია, რომ თავისი გამოუცდელობის დაბალანსებას შეეცდება უფრო ნაცადი პოლიტიკოსების მოზიდვით (როგორც უკვე მიიზიდა მაიკ პენსი, რუდი ჯულიანი, ქრისტი, ჰაკაბი და ა. შ.). ეს თავისთავად პოზიტიური ნიშანია
  9. არჩევნების მთავარი შედეგი, ჩემი აზრით, ორივე პარტიის კრიზისია (მერე რა, რომ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს). ორივემ გამოიარა მასების აჯანყება პარტიის დასაუფლებლად: პოპულისტ ტრამპს გამოუვიდა, პოპულისტ სანდერსს - კინაღამ გამოუვიდა. მაგრამ ზოგადად პოპულიზმის პრობლემაა, რომ ხელისუფლებაში მოხვედრის შემდეგ მისი ბელადები ჩვეულებრივ პოლიტიკოსებად იქცევიან და თავის ლაშქრებს გულს უცრუვებენ. ბიძინას დაპირებებისა არ იყოს, ტრამპის ბევრი დაპირებება პრინციპულად ვერშესრულებადია. მერე რა მოხდება?
  10. მოკლედ, ძალიან სახიფათო დროცაა და ძალიან საინტერესოც. დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში რომ ტექტონური ძვრებია, ცხადია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მთლიანობაში, ელიტების წინააღმდეგ მასების აჯანყების დროა, სადაც „მემარცხენე" და „მემარცხენე" ერთმანეთში ისეა აზელილი, რომ თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. (რეპუბლიკელების მილიარდერი კანდიდატი რომ მუშათა კლასის და ღარიბების დამცველად გვევლინება და უოლ-სტრიტს აგინებს, ამაზე მეტი რა გინდა). ბოლოს რა გამოვა აქედან?

 

კომენტარები