აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

მარგველაშვილი ტრამპს: მაქვს პატივი, გულწრფელად მოგილოცოთ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მტკიცე ლიდერობით "ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს".

"თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი, გულწრფელად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა.

8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად.

თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო და კაცობრიობა დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა.

ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს", - სწერს საქართველოს პრეზიდენტი ტრამპს. 

მარგველაშვილის თქმით, ის მოუთმენლად და დიდი იმედით ელის საქართველოსა და აშშ-ის შემდგომ თანამშრომლობას.

"საერთო ღირებულებები ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის საფუძველია. ჩვენი ხალხები ერთიანი ძალისხმევით უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს და მტკიცედ დგანან ერთმანეთის გვერდით საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ მსახურობენ უსაფრთხო მსოფლიოს სადარაჯოზე. ამ ერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად.

გამუდმებით, ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მის მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ს განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს.

პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას", - წერს გიორგი მარგველაშვილი და აღნიშნავს, რომ ქართულ-ამერიკული კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენდამი უღრმესი პატივისცემის დადასტურებით, მსურს გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობასა და ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რაც ჩვენი მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობას მოემსახურება", - მიმართავს მარგველაშვილი ტრამპს.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა. საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო. უკანასკნელი მონაცემებით, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი, დემოკრატ ჰილარი კლინტონს 58 ხმით უსწრებს. ამ ეტაპზე დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში უკვე 276 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს კი - 218.

კომენტარები