ბიუჯეტი 2017

ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის წარდგენა დააგვიანა, უწყება ახალ პარლამენტს ელოდება

ნოდარ ხადური OECD-ის პლენარულ სესიაზე
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის წარდგენის პროცესში საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადები დაარღვია, უწყებას პარლამენტისთვის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 5 ნოემბერს უნდა წარედგინა, თუმცა პარლამენტში ჯერჯერობით ახალი ბიუჯეტი შესული არაა. სამინისტრომ ვადების გადაცილებასთან დაკავშირებით დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი მას შემდეგ შევა, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტება პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენასთან დაკავშირებით

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის უნდა წარედგინა არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, ხოლო თავის მხრივ, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში უნდა განხილულიყო არა უგვიანეს 15 ნოემბრისა და შენიშვნებით კვლავ მთავრობაში დაბრუნებულიყო.

ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უკვე არჩეულია პარლამენტის ახალი შემადგენლობა და უახლოეს პერიოდში შეიკრიბება ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, ნათელია, რომ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში - 15 ნოემბრამდე, მე-8 მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებდა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას და მთავრობას მხოლოდ ფორმალურად, სრულიად უშედეგოდ უნდა წარედგინა მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი.

მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს მთავრობა აუცილებლად წარუდგენს მას 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

კომენტარები