კომუნიკაციები

საქართველოში წელს 5.4 მლრდ სატელეფონო ზარი შედგა და 3.7 მლრდ SMS გაიგზავნა

Innovation Village

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით მობილურ ოპერატორებში ჯამში 4.8 მილიონი ნომერია რეგისტრირებული. ამ ნომრების მეშვეობით კი 2016 წლის იანვარ-სექტემბერში 5.47 მილიარდი სატელეფონო ზარი შევიდა და 3.77 მილიარდი SMS გაიგზავნა. 

2015 წელთან შედარებით, სატელეფონო ზარების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, SMS-ების რაოდენობა კი 12%-ით შემცირდა. 2016 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, თვის მანძილზე ქვეყანაში 664 მილიონი ზარი შედგა, რაც დღეში 22.1 მილიონ ზარს ნიშნავს. სექტემბერში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობა კი 456 მილიონია, ეს დღეში 15.2 მილიონ SMS-ს შეადგენს.

სატელეფონო მომსახურებით მიღებული შემოსავლები:

2016 წლის იანვარ-სექტემბერში მობილურმა ოპერატორებმა 299 მილიონი ლარი (დღგ-ის გარეშე) გამოიმუშავეს, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მათი შემოსავლები 302 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში სატელეფონო ზარების ზრდის მიუხედავად ამ მომსახურების ტარიფები შემცირებულია. ამ შემოსავლების ყველაზე დიდი წილი მაგთიკომზე მოდის, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ კომპანიას ყველაზე მეტი, 2 მილიონი აბონენტი ჰყავს.

მობილური ოპერატორების აბონენტების რაოდენობა და ამ აბონენტებისგან მიღებული საშუალო ყოველთვიური შემოსავლები ასე გამოიყურება:

  1. მაგთიკომი - 2 მილიონი აბონენტი, თვიური შემოსავალი აბონენტიდან - 8.4 ლარი
  2. ჯეოსელი - 1.6 მილიონი აბონენტი, თვიური შემოსავალი აბონენტიდან - 6.8 ლარი
  3. ბილაინი - 1.2 მილიონი აბონენტი, თვიური შემოსავალი აბონენტიდან - 5 ლარი
  4. სილქნეთი - 22 ათასი აბონენტი, თვიური შემოსავალი აბონენტიდან - 4.6 ლარი
  5. გლობალ სელი - 448 აბონენტი, თვიური შემოსავალი აბონენტიდან - 4.1 ლარი

საქართველოში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობის 12%-ით შემცირება შესაძლოა, ინტერნეტის ფართო გავრცელებას უკავშირდებოდეს, რის გამოც უფრო მეტი აბონენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა SMS-ის უფასო ალტერნატივები.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქართველოში ერთ მცხოვრებზე საშუალოდ 1.32 რეგისტრირებული მობილურის ნომერი მოდის.

კომენტარები