ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ზვარეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს არიან დაზარალებულები. კომპანიის განმარტებითვე, "ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს". განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2016 წლის 2 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მცირე კონფლიქტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტი. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე. მომდევნო დღეს მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები.
მასობრივი მედიის საშუალებებით ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კიდევ ერთელ ვაფიქსირებთ, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამშრომლებს. კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ და დროულად მოახდენენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენებების აღებას და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს.
სანამ არ დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და ზემოხსენებული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შს სამინისტრომ სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1983 წ. დაბადებული ჭ. ლ., 1983 წელს დაბადებული ჩ.ჟ და 1984 წელს დაბადებული ჰ.ჩ დააკავა. შსს-ს ცნობით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს".
ამასთან, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირის განცხადებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე მუშას მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა სცემეს.





