არჩევნები 2016

გომესი: ვწუხვართ ცნობებზე ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით

ანა გომესი
www.euractiv.com

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარე ანა გომესმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა დღევანდელ ბრიფინგზე შეაფასა. გომესმა რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"ვწუხვართ იმ ინფორმაციის გამო, რომ იყო ბევრი ფაქტი ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლასა და იძულებაზე, სამსახურიდან გათავისუფლებისა და სოციალური დახმარების შეწყვეტაზე მუქარის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ მხარს ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერდნენ. ჩვენ გვესმის, რომ ბრალდებების დიდი ნაწილი არ დამტკიცებულა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ შიშის გამო მსხვერპლს ამის შესახებ ხმამაღლა არ უთქვამს. ამ საზოგადოებრივ შეშფოთებას, იმედია, შესაბამისი ორგანოებისგან ყურადღება მიექცევა, რომლებიც დაგვარწმუნებენ, რომ ასეთი ფაქტები არ მომხდარა.

შეშფოთებული ვართ, რომ რამდენიმე შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანი დამკვირვებლის სტატუსიდან გამოვიდა და ამომრჩეველს არამიზნობრივად ესაუბრებოდნენ. ეს აჩვენებს, რომ ისინი ნამდვილი დამკვირვებლები არ იყვნენ და სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული", - თქვა გომესმა.

ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის თქმით, თბილისში საარჩევნო უბნებს გარეთ მშვიდი გარემო იყო, თუმცა, განსხვავებული სიტუაცია იყო რეგიონებში.

"თუმცა, სურათი განსხვავებული იყო რაიონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ოპონენტებს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა ჰქონდათ. მაგალითად, მცხეთაში, მუხრანში, ახალციხეში შევხვდით ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც საარჩევნო უბნებთან იდგნენ და ხშირ შემთხვევაში ატმოსფეროს ძაბავდნენ. სავარაუდოდ, აშინებდნენ ამომრჩეველს ან უპირისპირდებოდნენ სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივები მათზე ამბობდნენ, რომ იყვნენ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული სპორტსმენები. რამდენიმე ასეთ შემთხვევაში პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ჩანდა, რომ არ შეეძლო ან არ სურდა ამ პირების დაშლა", - თქვა გომესმა.

ანა გომესის თქმით, "მთლიანობაში, გვჯერა, რომ ქართველმა ხალხმა ნამდვილად თავისი სურვილი გამოთქვა ამ არჩევნებზე, მიუხედავად დარღვევებისა და გარკვეული ინციდენტებისა. მეორე ტურში ფსონები ძალიან მაღალი იყო, მმართველი პარტია მიზნად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ისახავდა. მეორე ტურების შედეგმა მათ ეს მოლოდინი გაუმართლა. აქედან გამომდინარე, უმრავლესობას პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ეს ძალაუფლება ქვეყნის სასიკეთოდ და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ინსტიტუციებს, ძალაუფლების სხვადასხვა წყაროს შორის ბალანსს და უმრავლესობისა და ოპოზიციის დემოკრატიულ როლს, რაც უმნიშვნელოვანესია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება შესაძლოა, ხვალ ოპოზიცია იყოს და პირიქით", - თქვა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარე ანა გომესმა ბრიფინგზე.

კომენტარები