საარჩევნო სისტემა

ბესელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე: ამას სჭირდება მოსახლეობასთან თათბირი

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ქართული ოცნება იმსჯელებს, გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლისთვის. მისი შეფასებით, საკითხს "მოსახლეობასთან თათბირი" სჭირდება. ბესელია აღნიშნავს, რომ მაჟორტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტი "პოლიტიკური დოკუმენტია და არა იურიდიული". მისი თქმით, საარჩევნო სისტემის რეფორმის მომხრეა, თუმცა, არ ფიქრობს, რომ მაჟორიტარული არჩევნები ლეგიტიმაციის ხარისხით კითხვის ნიშანს ატარებს.

"მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, გუნდშიც აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ამ საკითხებზე - ასეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც სისტემის ცვლილებას ეხება, სჭირდება მოსახლეობასთან თათბირი, საზოგადოება უნდა წყვეტდეს ასეთ საკითხებს, როგორი სისტემით ურჩევნია, რომ იყოს ქვეყანაში არჩევნები, ამას სჭირდება სერიოზული კონსტულტაციები. მე არ მაქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული რომელიმე პოზიცია, ზოგადად საარჩევნო სისტემის რეფორმის მომხრე ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული არჩევნები ლეგიტიმაციის ხარისხით კითხვის ნიშნებს ატარებს, ამის კარგი მაგალითია დიდი ბრიტანეთი და თუნდაც სხვა ქვეყნებიც. მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, როდესაც მოსახლეობა პერსონალურად ირჩევს კონკრეტულ კანდიდატს. სხვა საკითხია, სისტემაში რა ტიპის პროგრესს ვისურვებდით, ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას და მუშაობას" - ამბობს ბესელია.

ტაბულას კითხვაზე, "რამდენად სამართლიანია, რომ პარტია, რომელსაც მხარს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48% უჭერს, იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას", ქართული ოცნების წევრი პასუხობს - "სამართლიანია ის, რომ პერსონალური არჩევნების ანუ მაჟორიტარული არჩევნების დროს ასეთი მაღალი ნდობა აქვს კანდიდატს გამოცხადებული ამომრჩევლისგან და ის პირდაპირ ირჩევს კონკრეტულ ადამიანს საკანონმდებლო ორგანოში. თუ ის პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ლეგიტიმაციაც ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშეა, მას ნდობაც აქვს და შესაბამისად, მანდატის რაოდენობაც იზრდება. თუ სისტემას შევცვლით და გადავალთ სხვა ტიპის სისტემაზე, ან შერეულზე ან სხვა ტიპის, ამაზეც გვექნება მსჯელობა".

კითხვაზე, პარლამენტი გამოიწვევს თუ არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე კანონპროექტს, ბესელია პასუხობს, რომ საკითხი ახალმა პარლამენტმა უნდა განიხილოს.

"ახლა არის ახალი პარლამენტი, ამ პარლამენტს აქვს ნდობა გამოცხადებული ამ შემადგენლობით. არის საკითხები, რომელზეც შეიძლება, იყო მსჯელობა წინა პარლამენტში და იმ პარტიებს აღარ გამოუცხადა მოსახლეობამ ნდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად არც ერთი კანონი არ უნდა მივიღოთ და არც ერთი შეთანხმება ავტომატურად არ უნდა იყოს მიღებული. ახალ პარლამენტს აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია დღეს გამოცხადებული, ამიტომ მათ შორის, ამ საკითხსაც სჭირდება ამ ახალ პარლამენტში განხილვა და დისკუსია" - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

ცნობისთვის, პარლამენტში დარეგისტრირებულია ქართული ოცნების 81 დეპუტატის ინიციატივა საკონსტიტუციოი ცვლილებების თაობაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პარლამენტის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს. კანონპროექტი საარჩევნო ბარიერის 5-დან 4%-მდე შემცირებასაც მოიცავს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, საპარლამენტო მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს მიეკუთვნებათ, რომლებიც ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც მიიღებენ.

კომენტარები