არჩევნები 2016

კვირიკაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას

ტაბულა

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ პირველი ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს გამარჯვებაა. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ უკეთესი მომავლისკენ, განვითარებისა და კეთილდღეობისკენ. ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. დიდი მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამოუცხადეთ. ეს პირადად ჩემთვის და ქართული ოცნებისთვის, ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. ქართული ოცნების მხარდაჭერით, თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ევროპულ მომავალს. ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის.

ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა.
მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი", - თქვა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიას მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მან პარტიის მიერ მოპოვებულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. გვაქვს დიდი და ამბიციური გეგმები, რაც განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული. გილოცავთ დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები