არჩევნები 2016

ბოკერია: ერთი და იგივე ადამიანს აძლევდნენ საშუალებას, რომ რამდენჯერმე მიეცა ხმა

რუსთავი 2

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, მარნეულის 50-ე უბანზე მარკირებას არ ამოწმებენ. მისივე თქმით, უბანზე დამკვირვებლები ამომრჩევლისგან ითხოვდნენ ინფორმაციას - ვის მისცეს ხმა. 

"დაფიქსირდა ფაქტი, რომ ერთი და იგივე ადამიანს რამდენიმეჯერ დემონსტრაციულად აძლევდნენ საშუალებას, რომ მიეცა ხმა. არ უმოწმებდნენ მარკირებას და თავს იმართლებდნენ იმით, რომ სათვალე არ ჰქონდა იმ ადამიანს, ვისაც მარკირება უნდა შეემოწმებინა. რაც მთავარია, თითქმის ყველას სთხოვდნენ იმის დემონსტრირებას, ვის მისცეს ხმა. ზოგი ბიულეტენს კეცავდა გარედან, რომ ენახათ, რომ მთავრობის კანდიდატს მისცეს ხმა. სხვებს უბრალოდ ეუბნებოდნენ - "გვანახე" - ამბობს ბოკერია, რომელსაც მარნეულში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი თამაზ ნავერიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა.

"არანაირი ძალადობა არ ყოფილა, თქვენ თვითონ ხედავთ... ქვებს ვერ გასროლინებთ დღეს კიდევ და ვერც ვერაფერს გაგაკეთებინებთ, ნუ აკეთებთ ამის პროვოცირებას, რომ აქ რაღაცა ხდება, არაფერი არ ხდება" - მიმართა ნავერიანმა ენმ-ის წევრს.

"გარეთ ძალადობა არ ყოფილა, შიგნით იყო პრობლემა დემონსტრირების" - ამბობს ბოკერია. 

აღსანიშნავია, რომ 50-ე უბანზე ენმ-ის დამკვირვებელმა ორი საჩივარი დაწერა. მისი თქმით, მესამის დაწერაც უნდოდა, თუმცა, საუბნო კომისიამ უბნიდან გააძევა. მიზეზად საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელის შეშლა დასახელდა.

კომენტარები