არჩევნები 2016

ბაქრაძე: მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცვათ ქვეყანა ერთპარტიული მომავლისგან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს მეორე ტურებზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოზიციათა სხვაობა. ბაქრაძემ მიმართა ყველას, "ერთად ავიცილოთ თავიდან ამ ქვეყნის ერთპარტიული მომავალი".

"ხვალ განისაზღვრება არა ის, რომელი მაჟორიტარები დაიკავებენ ადგილს პარლამენტში, არამედ ხვალინდელი კენჭისყრა განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა საქართველოში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა 4 წლის განმავლობაში. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება, ებრძოლა მეორე ტურებში. ვიცით, რომ ეს არის ძალიან მძიმე და უთანაბრო ბრძოლა, სადაც ხელისუფლება იყენებს ყველანაირ რესურსს, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართულ ოცნებას 45 ადგილი ვაჩუქოთ. არ ვაპირებთ, ამ ქვეყანაში უბრძოლველად დავამკვიდროთ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, ამიტომ შევედით ამ ბრძოლაში და გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის იმედი. მინდა, მივმართო თითოეულ თქვენგანს - მოდით არჩევნებზე და ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ერთპარტიული, ერთპიროვნული მომავლისგან. მინდა, მივმართო ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც დღემდე არ უჭერდა მხარს ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც გააჩნია პრეტენზია თუ უკმაყოფილება ჩვენს წარსულთან ან აწმყოსთან დაკავშირებით (ხშირად თუნდაც სამართლიანი უკმაყოფილება), ხვალინდელი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მებისმიერი განსხვავება ან პოზიციათა სხვაობა, ხვალინდელი დღე არის ის დღე, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან ამ ქვეყნის ერთპარტიული მომავალი" - განაცხადა ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც მხარს არ უჭერდა ენმ-ს, მაგრამ "მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და აშინებს საქართველოში ერთპარტიული მომავალი, მოვლენ და დააფქსირებენ საკუთარ არჩევანს".

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა წინასაარჩევნო ზეწოლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეულობით ოჯახს აშინებენ.

"მათ აშინებენ ყველაფრით, აშინებენ იმით, რომ ზამთრის წინ არ მისცემენ შეშის ბარათებს და არ ექნებათ შეშა, აშინებენ იმით, რომ ჩაუჭრიან დენს და არ ექნებათ ელექტროენერგია, აშინებენ სოციალურების მოხსნით და სამსახურების დაკარგვით. მინდა, მივმართო თითოეულ ასეთ ოჯახს - ნუ გეშინიათ, არ არსებობს ხელისუფლება, რომლიც დაუპირისპირდება ნახევარ მილიონზე მეტ საკუთარ მოქალაქეს, ეს არის მათი შიში და სწორედ საკუთარი შიშის გამო ცდილობენ თქვენს დაშინებას, ნუ მისცემთ მათ საშუალებას, წაგართვან უკეთესი მომავალი, მობრძანდით და მიეცით ხმა.

და ბოლოს, მინდა მივმართო იმ 500 000 მხარდამჭერს, რომელმაც მიუხედავად ზეწოლისა, გმირულად გაბედა, მოვიდა და მისცა ხმა ენმ-ს პირველ ტურში. თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამებრძოლები, თანაგუნდელები, თქვენ საკუთარი რწმენა გამოატარეთ ურთულეს წლებში, გვჯერა, ხვალ მოხვალთ და ხმას მისცემთ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალს, იმიტომ, რომ ამას აკეთებდით ამ წლების განმავლობაში და იმიტომ, რომ ხვალინდელი დღე არის საფუძველი ჩვენი მომავალი გამარჯვებების. მჯერა თქვენი და მჯერა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც ხვალ გადაწყვეტილებას მიიღებს პასუხისმგებლობის, ქვეყნის ინტერესების და მომავლის გრძნობიდან გამომდინარე. ყველას გელით არჩევნების მეორე ტურზე" - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ, 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

კომენტარები