NATO-ს მინისტერიალი

NATO რუსეთის შესაჩერებლად ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების გაძლიერებაზე მსჯელობს

nato.int

დღეს ბრიუსელში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

"შავი ზღვის რეგიონში NATO-ს წარმომადგენლობის გასაძლიერებლად გეგმას შევიმუშავებთ. ასევე, შევაფასებთ ალიანსის წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურას, რათა ევროპაში ჩვენი ძალების სწრაფი მობილიზება შეგვეძლოს", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

რაც შეეხება ბალტიის ზღვის რეგიონს, როგორც ცნობილია, 2017 წლიდან აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტების პრევენციისთვის NATO-ს 4 ბატალიონი განთავსდება. აშშ იმედოვნებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები, სექტემბერში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში 4000 სამხედროს გააგზავნიან.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ მაიკლ ფელონის თქმით, ბრიტანული სამხედრო ძალების ესტონეთში გაგზავნა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება, რასაც საფრანგეთის, იტალიისა და დანიის შეიარაღებული ძალებიც შეუერთდებიან. ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში უპილოტო თვითმფრინავებს, ჯავშანტექნიკას, მათ შორის ტანკ Challenger 2-ს და 800 ჯარისკაცს გაგზავნის.

4 ბატალიონის ლიდერები აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და კანადა იქნებიან. ბატალიონები პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში განლაგდებიან. მათ ზურგს NATO-ს 40 000- კაციანი სწრაფი რეაგირების ძალები გაუმაგრებენ, რომლებიც ოპერაციაში კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ჩაერთვებიან.

NATO-ს მინისტერიალი ბრიუსელში ხვალ სრულდება.

კომენტარები