NATO-ს მინისტერიალი

ტუსკი: უკრაინის კრიზისში რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება

wiwo.de

NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის გენერალური მდივანი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წახალისებული დესტაბილიზაცია, ახლო აღმოსავლეთში ISIS-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციისა და ევროატლანტიკური სტაბილურობის საკითხები განიხილეს. სტოლტენბერგის განმარტებით, NATO და ევროკავშირი საერთო გამოწვევების წინაშე დგას. მისივე თქმით, რუსეთი ძირს უთხრის ევროატლანტიკურ სტაბილურობას. დონალდ ტუსკის განცხადებით კი, უკრაინის კრიზისის დასრულების წინაპირობა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.

"უკრაინის კრიზისმა ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოება. ამ ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ დააყენა საერთაშორისო წესრიგი ცივი ომის შემდეგ. თუ გვსურს ამ კრიზისის გადაჭრა, მაშინ მინსკის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს. თითოეული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ამ კრიზისში რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. ის უნდა გავიდეს აღმოსავლეთ უკრაინიდან, შეწყვიტოს საბრძოლო შეიარაღების მიწოდება, დაუშვას საზღვრის ეფექტური კონტროლი და ეუთოს თავისი მისიის შესრულების საშუალება მისცეს", - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით კი, "რუსეთი აგრძელებს უკრაინის დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის ევრო-ატლანტიკურ სტაბილურობას. რუსეთმა ფუნტამენტური პრინციპები დაარღვია - საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით დაუშვებელია. დავა მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს და არა ტანკებით. გავლენის სფეროების ეპოქა დასრულებულია. ჩვენ კვლავ ვტოვებთ მოლაპარაკებების კარს ღიას, თუმცა რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს. ევროპაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ NATO იყოს ძლიერი".

კომენტარები