NATO-ს მინისტერიალი

თურქეთი მიიჩნევს, რომ მომავალ სამიტზე ალიანსის გაფართოება უნდა განიხილონ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომდევნო სამიტზე, რომელიც 2016 წელს ვარშავაში გაიმართება, NATO-ს გაფართოების საკითხი უნდა განიხილონ - ასეთი მოსაზრება, თურქული მედიის ცნობით, ანტალიაში NATO-ს მინისტერიალზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოთქვა. მისი თქმით, დღესდღეობით ალიანსს წევრობის ოთხი კანდიდატი ჰყავს - მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. ქვეყნები, რომლებიც საუკეთესო პროგრესს აჩვენებენ, ალიანსში გაწევრიანების მოწვევა უნდა მიიღონ.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი, ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ზომებს განახორციელებს. მათ შორის ე. წ. ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რაც საომარი მოქმედების გარდა, კიბერშეტევების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.

"ეს არის კრიტიკული მომენტი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. უსაფრთხოების გარემო შეიცვალა და ჩვენც უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ცვლილებებისთვის. აღმოსავლეთით ვხედავთ აგრესიულ შეტევას რუსეთის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში აგრესიულ ქმედებებზე, სამხრეთით - არეულობას და ექსტრემიზმს. მსოფლიო შეიცვალა და NATO-მ უსაფრთხოების გარემოს ცვლილებასთან ადაპტირება უნდა მოახდინოს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე ნებისმიერი საფრთხისგან და შევძლოთ ჩვენი დემოკრატიული, ღია საზოგადოების დაცვა", - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები