ბიუროკრატია

ჯეჯელავა: გარკვეულ შემთხვევებში სამინისტროთა რაოდენობის ოპტიმიზაცია შესაძლებელია

ტაბულა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ფიქრობს, რომ სამინისტროთა რაოდენობის ოპტიმიზაცია შესაძლებელია. ჯეჯელავას თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობა გადასახადის გადამხდელთა თანხებს მაქსიმალურად ოპტიმალურად ხარჯავდეს. თუმცა, ჯეჯელავა იმასაც ამბობს, რომ სამინისტროთა ოპტიმიზაციის მიუხედავად, იმ საქმეს, რასაც ეს სამინისტროები აკეთებდნენ, ხელი არ უნდა შეეშალოს. დღეის მდგომარეობით საქართველო 19 სამინისტროთი იმართება. 

"მე როგორც ვიცი, პრემიერი და მისი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებითაც. ასევე საუბარია მთავრობის ოპტიმალური სტრუქტურის შესახებაც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელების თანხები მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნას დახარჯული. 

სამინისტროების რაოდენობის შემცირებაზე გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია, პრინციპში, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და ჩვენზე ნაკლები სამინისტროც არის. მე არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მხრივ საჭირო. ვფიქრობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ოპტიმიზაცია, თუმცა აუცილებელია, რომ ამ სამინისტროების საქმიანობას ოპტიმიზაციით ხელი არ შეეშალოს", - ამბობს ჯეჯელავა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ხარჯები 10.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 410 მილიონი ლარით აღემატება. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტი იზრდება. სამინისტროებიდან ყველაზე მეტად ზრდა ჯანდაცვის სამინისტროს ეხება, რომლის ბიუჯეტიც 168 მილიონი ლარით იზრდება და ის 3.3 მილიარდ ლარს აღწევს. 

კომენტარები