უკრაინა

"მოტოროლას" აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ აიღო

Reuters

Washington Post-ის ცნობით, დონეცკში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური არსენ პავლოვის, მეტსახელად "მოტოროლას" აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა ულტრამემარჯვენე დაჯგუფება "მიზანთროპების დივიზიამ" აიღო. ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით, თავად დაჯგუფება ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ნათქვამია ისიც, რომ "მოტოროლა" მათი უკანასკნელი მსხვერპლი არ იქნება და მას კიდევ 2 პრორუსი, სეპარატისტი ლიდერის მკვლელობა მოჰყვება. BBC-ის უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტი ტომ ბარიჯი ამბობს, რომ შესაძლოა საქმე პროპაგანდასთან გვქონდეს, რომელიც კონფლიქტის შემადგენელი ნაწილია.

პავლოვი 16 ოქტომბერს, საკუთარი სახლის ლიფტში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ პავლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა და მომხდარი მათი მხრიდან გამოწვევად შეაფასა. მისი თქმით, პოროშენკომ ზავი დაარღვია. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა ბოლომდე დადგენილი არ არის პრორუსმა სეპარატისტემა განაცხადეს, რომ ვიდეომიმართვა ცხადყოფს პავლოვის მკვლელობაში კიევის მონაწილეობას.

კომენტარები