ბიუჯეტი 2017

10.5-მილიარდიანი ბიუჯეტი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, დეფიციტი კი 3%-ს გადააჭარბებს

ტაბულა

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ხარჯები 10.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 410 მილიონი ლარით აღემატება. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტი იზრდება. ამ ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში ასახული არაა ქართული ოცნების დაპირებები, რაც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ბიუჯეტის განახლებულ ვერსიაში იქნება ასახული, რომელიც მთავრობამ პარლამენტს 5 ნოემბერს უნდა გადაუგზავნოს. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ხარჯები გაიზრდება, ეს კი ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის. 

"ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე მეტს არ შეადგენდეს. ფინანსთა სამინისტრო კი ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტ "მაკროეკონომიკური რისკების ანალიზში" აღიარებს, რომ 2017 წლისთვის დეფიციტი 3%-ს გადააჭარბებს.

"მთავრობა მისდევს ფისკალური დეფიციტის თანმიმდევრული შემცირების პოლიტიკას საშუალოვადიან პერიოდში. 2016 წელს დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.0 პროცენტის ოდენობით. აღნიშნული მაჩვენებელი დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პირობებში 2017 წლისათვის შედარებით მაღალ დონეზე იქნება, ხოლო შემდეგ წლებში მისი თანმიმდევრული შემცირებაა ნავარაუდევი", - წერია ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტში. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მეორე წარდგენისთვის ბიუჯეტის ხარჯები აუცილებლად გაიზრდება - "რა თქმა უნდა, გადაიხედება აღნიშნული მონაცემები და ინფრასტრუქტურის კუთხით ნამდვილად მოხდება ზრდა. მასწავლებლების ნაწილში, ხელფასების ზრდა ჩადებულია ამ წარდგენის ბიუჯეტში, რაც შეეხება პენსიებსა და ნებისმიერ სხვას, რაც პროგრამაშია გათვალისწინებული, ეს ახალმა მთავრობამ უნდა იმსჯელოს, შესაბამისად, ეს ცვლილებები ბიუჯეტის შემდეგ წარდგენაში აისახება. დიდი ნაწილი პროექტების დაიწყება 2017 წელს და შემდგომ ოთხ წელში იქნება მათი აქტიური შესრულების პროცესი", - ამბობს კაკაურიძე.

ამ პროექტების დაფინანსების მიზნით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გეგმას 190 მილიონი ლარით ზრდის, ამასთანავე, იღებს დამატებით 300-მილიონიან შიდა ვალს, რაც წლევანდელ მაჩვენებელს 100 მილიონი ლარით აღემატება. 

მთავრობა 2017 წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ამ დროისთვის წარდგენილი ბიუჯეტის ხარჯების ზრდაც სწორედ 4%-ს შეადგენს. მთავრობამ იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეასრულოს, 10.5-მილიარდიანი ბიუჯეტის მოცულობა უნდა გაზარდოს, ამ ზრდამ კი შესაძლოა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური ზრდის ტემპს გადააჭარბოს.

კომენტარები