უკრაინა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური აფეთქების შედეგად დაიღუპა

TASS/ALAMY

Интерфакс-ის ცნობით, დონეცკში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად "მოტოროლა" მოკლეს. პავლოვი საკუთარი სახლის ლიფტში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას ემსხვერპლა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ პავლოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა და მომხდარი მათი მხრიდან გამოწვევად შეაფასა.

"არსენი საკუთარი სახლის ლიფტში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუკვეთა ეს და ვინ შეასრულა. როგორც მესმის, პოროშენკომ ზავი დაარღვია. კმარა, ზედმეტი ვითმინეთ. დღეს დაიღუპა ჩემი ახლო მეგობარი. მისი სიკვდილი უბრალოდ გამოწვევა არ არის, ეს არის მთელი რესპუბლიკისთვის გამოწვევა", - განაცხადა ზახარჩენკომ.

უკრაინის ხელისუფლება "მოტოროლას" სამხედრო დანაშაულებში სდებდა ბრალს. Kyiv Post-თან ინტერვიუში პავლოვმა აღიარა, რომ 15 უკრაინელი სამხედრო დახვრიტა.

2015 წლის იანვარში ევროკავშირმა პავლოვი "შავ სიაში" შეიყვანა.

კომენტარები