პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ შეიცვალოს ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და ყოველი გაუფასურების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები აღარ უნდა კეთდებოდეს. ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარები "ნეგატივის გარდა არაფერს არ იწვევს".
"მე მინდა, რომ ჩვენ ნელ-ნელა შევცალოთ ფორმატი ლარის კურსთან დაკავშირებით და ყოველი დღის ვაჭრობის შემდეგ არ ვაკეთოთ კომენტარები ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნეგატივის გარდა ეს არაფერს არ იწვევს.
ბაზარი არის ღია. ეს არის მცურავი კურსი და, შესაბამისად, როდესაც მცურავი კურსის დროს კურსი დგინდება, ეს არის მოთხოვნა-მიწოდება. ეს არის ის მოთხოვნა-მიწოდება, რომელიც ბაზარს გააჩნია", - ამბობს ქუმსიშვილი.
პირველი ვიცეპრემიერი გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის ხარჯებს ლარის კურსზე ნეგატიური გავლენა აქვს. მინისტრის თქმით, ოფიციალური რიცხვები, რომლებსაც ის იცნობს, ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე ნეგატიური გავლენის საფუძველს არ ქმნის.
"რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, კომენტარები ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ დეტალურად გააკეთა. ამ კომენტარებისა და ოფიციალური ციფრების მიხედვით, რაც მე მაქვს ნანახი, არ არის საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტი იწვევს ლარზე უარყოფით გავლენას და რასაც ჩვენი ოპონენტები გევდავებიან", - ამბობს ქუმსიშვილი.
ბოლო სავალუტო აუქციონზე ლარი დოლართან მიმართებით 1.6 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 2.356 შეადგინა. ამ გაუფასურების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ეს ინტერვენცია გაუფასურების შესარბილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 25 აგვისტოს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით $180 მილიონი გაყიდა.





