საკონსტიტუციო ცვლილება ქორწინებაზე

ნარჩემაშვილი ქორწინებაზე ცვლილებაზე: თუ სიცოცხლე არ იბადება, ჩემში სევდას იწვევს

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი და ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი ტაბულას კითხვას ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით პასუხობს, რომ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც არ ბადებს სიცოცხლეს, მასში სევდას იწვევს.

"მიუხედავად შემწყნარებლური დამოკიდებულებისა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე და ყველაფერი, რაც უკავშირდება სიცოცხლეს და მის წარმოშობას. ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც არ ბადებს სიცოცხლეს, ჩემში სევდასა და გარკვეულ წუხილს იწვევს", - ამბობს ნარჩემაშვილი.

ნარჩემაშვილი ჩანაწერის გაკეთებას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად არ მიიჩნევს.

"ვერ შევაფასებ უკან გადადგმულ ნაბიჯად. თუ ამას მივუდგებით წმინდა სამართლებრივად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება - არსებობდეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, ან არ არსებობდეს. კონსტიტუციაში არსებობს ბევრი ისეთი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება, იქ არ არსებობდეს. მაგალითად, კონსტიტუციის 42 მუხლში წერია, რამდენი საათი შეიძლება, იყოს ადამიანი დაკავებული, ეს რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და სხვა ნორმატიული აქტებით, მაგრამ მაინც წერია კონსტიტუციაში. ამ თვალსაზრისით, არაფერი ზიანდება. კანონმდებელმა უფრო მეტად გააკეთა აქცენტირება ადამიანის უფლებაზე. ასევეა ახლაც - ეს ჩანაწერი შეიძლება, არსებობდეს ან არ არსებობდეს კონსტიტუციაში და ამით არაფერი გაფუჭდება", - ამბობს ნარჩემაშვილი. [აღსანიშნავია, რომ დაკავების ხანგრძლივობას არა 42-ე, არამედ კონსტიტუციის 18-ე მუხლი განსაზღვრავს.]

ნარჩემაშვილი ასევე თვლის, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კონსტიტუციაში ჩანაწერის არსებობას აუცილებლად მიიჩნევს.

"რა არის კანონმდებლობა, კონსტიტუცია - უნდა ეფუძნებოდეს ხალხის ნებას. თუ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ჩანაწერი უნდა არსებობდეს კონსტიტუციაში, ნუ დავუდგებით ამას წინ. მიმაჩნია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ამგვარია. როცა ხალხში საკითხი იწვევს ასეთ ვნებათაღელვას, როცა კანონმდებლობით[სამოქალაქო კოდექსით] ისედაც გაწერილი გვაქვს, რომ ოჯახი ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი ერთობაა, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, თუ ასეთივე ჩანაწერი იქნება კონსტიტუციაშიც", - თქვა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება აპირებს, კონსტიტუციაში ქორწინება განსაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ინიციატივა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. Amnesty International-მა მიმდინარე წლის მარტში ხელისუფლებას მოუწოდა, შეეჩერებინათ ქორწინების შესახებ ცვლილებაზე მუშაობა. "ამ შესწორების მიღებას ექნება გრძელვადიანი გამყინავი ეფექტი LGBTI თემის წარმომადგენლებისთვის და მათ ქორწინების უფლების მიღმა დატოვებს, ასევე გაამძაფრებს ერთნაირ სქესიანთა წყვილების მიმართ დისკრიმინაციას, რასაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც აწყდებიან საქართველოში", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები